Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ხელმძღვანელი: ბირმაში ძალადობის ესკალაცია "აბსოლუტურად მიუღებელია"


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა 29 მარტს საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანი მოქმედებისკენ მოუწოდა საიმისოდ, რომ ბირმის (მიანმარი) სამხედრო ხუნტაზე ზეწოლა განხორციელდეს, მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას პროდემოკრატიული აქციების 100-ზე მეტი მონაწილე დახოცეს. გუტერეშმა ძალადობის ესკალაციას "აბსოლუტურად მიუღებელი" უწოდა.

29 მარტს უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ ქვეყნის უდიდეს ქალაქ რანგუნში უსაფრთხოების ძალებმა მამაკაცი მოკლეს, იმ ფონზე, როცა ათასობით მოქალაქე კვლავ ქალაქების ქუჩებში გავიდა.

"აბსოლუტურად მიუღებელია ხალხის წინააღმდეგ ძალადობის ასეთი მასშტაბით გამოყენება, ამდენი ადამიანის დახოცვა და ასეთი ჯიუტი უარი ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების და ქვეყნის დემოკრატიისკენ სერიოზული სვლის გზაზე დაბრუნების აუცილებლობაზე" - განაცხადა გუტერეშმა პრესკონფერენციაზე და დასძინა: "ჩვენ გვჭირდება მეტი ერთიანობა... მეტი თავდადება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რათა ზეწოლა განხორციელდეს ვითარების შესაბრუნებლად".

უფლებადამცველი ორგანიზაცია, პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაცია აცხადებს, რომ 460 სამოქალაქო პირი იქნა მოკლული მას შემდეგ, რაც 1 თებერვალს ქვეყანაში გადატრიალება მოხდა და ხელისუფლებას ჩამოაცილეს სამოქალაქო ლიდერი, აუნ სან სუ ჩი. მხოლოდ 27 მარტს 100-ზე მეტი ადამიანის სიკვდილის ცნობა გავრცელდა, მათ შორის ბავშვების და მოზარდების.

XS
SM
MD
LG