Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესიკ ბოგველი მელიასთვის გირაოს გადახდის ინიციატივაზე: სისტემა დავტესტე


ბესიკ ბოგველი, კერძო პირი, რომელმაც პროკურატურას მიმართა შეთავაზებით, რომ მზადაა გადაიხადოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას გირაო 40 000 ლარის ოდენობით, მედიასთან კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ის არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესს არ ატარებს და ამ შეთავაზებით, როგორც ფსიქოლოგმა, სისტემა გატესტა. ბოგველის თქმით, მას ამ ინიციატივის გაჟღერების შემდეგ ოფიციალურად სახელმწიფო სტრუქტურებიდან არავინ დაკავშირებია, თუმცა "მთელი ღამის განმავლობაში არკვევდნენ, ვისი კაცია."

"ეს არის უბრალოდ დასტური, რომ მმართველი პარტია და მასთან დაკავშირებული ძალები დესტაბილიზაციის და დაპირისპირების გარეშე ვერ ძლებენ. მთელი ღამე არჩევდნენ ვისი კაცი ვარ, რეკავდნენ იქით, აქეთ. როგორ გაბედა, ვისი კაცია?

ფსიქოლოგი ვარ, არ შეიძლება პოზიცია ჰქონდეს ფსიქოლოგს?! მე დავტესტე სისტემა, პოზიციების გარკვევა ვცადე. ნიკა მელია და ნებისმიერი პოლიტიკოსი, პირველ რიგში, არის საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, თანაგრძნობაც არის. პროცესები ძალიან ცუდად მიდის, მე ვხედავ, რომ ძალიან ცუდად ვითარდება ქვეყანა. შეიძლება რაციონალიზმი დაიკარგოს ქვეყანაში და ძალიან ცუდი პროცესები განვითარდეს" - უთხრა ბესიკ ბოგველმა ჟურნალისტებს და ასევე გამოთქვა სურვილი, ტელეეთერებში, მშვიდ გარემოში ისაუბროს ამ თემაზე უფრო ვრცლად.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოჩნდა კერძო ინიციატივა ნიკა მელიასთვის დაკისრებული გირაოს გადახდის შესახებ, პოლიტიკოსის ადვოკატებმა 29 მარტს გაავრცელეს. ნიკა მელია მისთვის დაკისრებულ გირაოს უკანონო სასჯელად მიიჩნევს და წინააღმდეგია თვითონ ან ვინმე სხვა პირმა, ეს თანხა გადაიცადოს. ადვოკატებმა ნიკოლოზ ბოგველის ინიციატივაზე გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს შეიძლება იყოს ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი. თავად ბოგველმა დღეს კითხვას, არის თუ არა მისი ინიციატივა ხელისუფლების იდეის განხორციელება, ამ კითხვით უპასუხა: "თქვენ რომ გითხრათ უცხოპლანეტელთან მეგობრობთო, რას ეტყვით?"

ნიკოლოზ ბოგველი პროფესიით ფსიქოლოგია, არის „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი." ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში „სახალხო პარტიის" მაჟორიტარი კანდიდატი იყო - ამ პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძეა.

სასამართლოს განჩინებით ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და არა გირაო.

საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა 25 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა: „დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 3 ნოემბრის განჩნებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე".

ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილმა განმარტა რომ განჩინება, რომელიც პროკურატურამ დაასახელა, ძალაში აღარ არის.

ნიკა მელია 23 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მის დაკავებას წინ უძღოდა პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომა, რომელმაც პოსტის დატოვების მიზეზად მელიას დაკავებაზე გუნდში არსებული უთანხმოება დაასახელა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი. მან "უსამართლო გირაოს" გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით, რაც სსასამართლომ დააკმაყოფილა. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

საქართველოს სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო. მისი, როგორც პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების საკითხი ერთ-ერთია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში.

XS
SM
MD
LG