Accessibility links

site logo site logo

კრისტიან დანიელსონი კიდევ ერთხელ შეხვდა სალომე ზურაბიშვილს


სალომე ზურაბიშვილი, კრისტიან დანიელსონი

ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეხვდა. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ადასტურებს, თუმცა არ აკონკრეტებს, რა საკითხებზე გაიმართა მსჯელობა.

კრისტიან დანიელსონსა და სალომე ზურაბიშვილს შორის შეხვედრა გუშინ, 29 მარტსაც შედგა. გუშინვე კრისტიან დანიელსონმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას” შორის შეხვედრა დღეს, 30 მარტს, 16:00 საათზე დაიგეგმა. დღესვე კრისტიან დანიელსონი წარადგენს დოკუმენტს, რომლის ხელმოწერასაც კრიზისის დასაძლევად სთავაზობენ საქართველოში დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად თბილისში 27 მარტს დაბრუნდა.

შვედმა დიპლომატმა გააგრძელა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებული მედიაციის პროცესი. საქართველოში დანიელსონის წინა ვიზიტისას, 12-18 მარტს, მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაშიც ერთმანეთი დაადანაშაულეს.

მთავარი, რასაც ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, მათ მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რადგან, მათი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

„ქართული ოცნება“ პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობას უარყოფს და ვერც ვადამდელი არჩევნების საფუძველს ხედავს, რის დასტურადაც მოჰყავს საქართველოს პარტნიორი ევროკავშირის და აშშ-ის და ეუთოს შეფასებები, რომ 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებულ მედიაციის პროცესში განსახილველ საკითხებს შორისაა სასამართლოს და საარჩევნო სისტემის რეფორმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG