Accessibility links

site logo site logo

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს 


არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მან ოპოზიციურ პარტიებს კონსტრუქციული მიდგომისკენ მოუწოდა.

„საქართველოს მომავალი ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრობაა და იგი ძლიერ დემოკრატიას უნდა ეფუძნებოდეს. შესაბამისად ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს მსგავსი კონსტრუქციული მიდგომა გამოიჩინონ საქართველოსთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ეს არის ის, რაც სჭირდება და რასაც ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს“, - წერს არჩილ თალაკვაძე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას” შორის შეხვედრა დღეს გაიმართება. დღესვე კრისტიან დანიელსონი წარადგენს დოკუმენტს, რომლის ხელმოწერასაც კრიზისის დასაძლევად სთავაზობენ საქართველოში დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად თბილისში 27 მარტს დაბრუნდა.

შვედმა დიპლომატმა გააგრძელა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებული მედიაციის პროცესი. საქართველოში დანიელსონის წინა ვიზიტისას, 12-18 მარტს, მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაშიც ერთმანეთი დაადანაშაულეს.

მთავარი, რასაც ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, მათ მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რადგან, მათი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

„ქართული ოცნება“ პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობას უარყოფს და ვერც ვადამდელი არჩევნების საფუძველს ხედავს, რის დასტურადაც მოჰყავს საქართველოს პარტნიორი ევროკავშირის და აშშ-ის და ეუთოს შეფასებები, რომ 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებულ მედიაციის პროცესში განსახილველ საკითხებს შორისაა სასამართლოს და საარჩევნო სისტემის რეფორმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG