Accessibility links

site logo site logo

სუეცის არხში განახლდა გემების მოძრაობა


დიდი სატვირთო გემი Ever Given-ი 29 მარტს მოხსნეს მეჩეჩიდან.

ეგვიპტის ტერიტორიაზე მდებარე სუეცის არხით გემებმა კვლავ დაიწყეს მოძრაობა მას შემდეგ, რაც მეჩეჩიდან მოხსნეს კონტეინერების გადამზიდი დიდი ხომალდი.

წუხელ ღამით 37-მა გემმა გაიარა არხში, 30 მარტს მოელიან, რომ კიდევ 140 გაივლის და მოხერხდება საცობის გახსნა, რომელიც ასობით გემს აბრკოლებს უკანასკნელი დღეების განმავლობაში.

400 მეტრის სიგრძის Ever Given-ი, რომელსაც კონტეინერები მიაქვს აზიიდან ევროპაში, 23 მარტს შეჯდა მეჩეჩზე არხის იმ მონაკვეთში, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა. ინციდენტის გამო არხის ორივე მხარეს 400-ზე მეტი გემი მოგროვდა.

29 მარტს Ever Given-ი მეჩეჩიდან მოხსნეს. მას ახლა ღუზა აქვს ჩაშვებული ინციდენტის ადგილიდან ჩრდილოეთით, სადაც ინსპექცია უტარდება, რათა დადგინდეს, გამოსადეგია თუ არა ის ცურვისთვის. ამის თაობაზე ხომალდის ოპერატორი კომპანია Evergreen Marine-ი იტყობინება.

ხმელთაშუა და წითელი ზღვების დამაკავშირებელი სუეცის არხის მარშრუტზე მსოფლიო ვაჭრობის 12%-მდე მოდის. ეს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი უმოკლესი საზღვაო გზაა.

როგორც საზღვაო მონაცემთა კომპანია Lloyd's List-ი იტყობინება, Ever Given-ის ავარიით გამოწვეული ბლოკადა დღეში 9,6 მილიარდ დოლარ დანაკარგს წარმოადგენდა მსოფლიო ვაჭრობისთვის. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამის შედეგად გაძვირდება ევროპაში საქონლის ტრანსპორტირება მაშინ, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო ისედაც გასაჭირში იმყოფება მომარაგების ხაზები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG