Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კლასტერული შემთხვევების ტენდენციაა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ისევ გამოჩნდა კორონავირუსით ინფიცირების კლასტერული შემთხვევების ტენდენცია, რაც „პირველი ნიშანია, რომ შემოკრა განგაშის ზარს გონგი“.

გამყრელიძის ინფორმაციით, კლასტერული მცირე ეპიდაფეთქებაა საწარმო „აჭარატექსტილში“, სადაც ინფიცირების 88 შემთხვევაა. ასევე, კასპის, ცაგერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანახმად, ასეთ ადგილებში მოხდა ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების სწრაფად თვითიზოლირება.

როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, განსაკუთრებით რაიონებში იმატა ქორწილებმა და ქელეხებმა და სწორედ მსგავსი დიდი თავყრილობებია ინფექცის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დღეს კვლავ გაიმეორა, რომ თუ მოსახლეობა არ შეასრულებს მთავარ რეკომენდაციებს - ნიღბის ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვას და ხალხმრავალ შეკრებებზე უარს არ იტყვის, ეპიდსიტუაცია ისევ გაუარესდება, რისი პირველი ნიშნებიც უკვე არის. მან ერთ-ერთ ნიშნად დაასახელა ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის ზრდა. გამყრელიძის ინფორმაციით, ე.წ. აქტიური შემთხვევების რიცხვმა 4000-ს გადააჭარბა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2500-მდე იყო შემცირებული.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი შემთხვევების ზრდის მიუხედავად, მარტის დადებითობის მაჩვენებლის მრუდი საკმაოდ კარგი იყო და თუ ნიღბის ტარებით, დისტანციის დაცვით და შეკრებებზე უარის თქმით, მსგავსი მაჩვენებელი შენარჩუნდება აპრილსა და მაისის პირველ ნახევარში, მაისის მეორე ნახევრიდან „შევალთ შედარებით მეტი იმედით, რომ მესამე ტალღას ავცდებით“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამირან გამყრელიძის პროგნოზით, სიტუაცია გაუარესდება.

ბოლო ორი დღეა საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 600-ს აჭარბებს, რაც ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG