Accessibility links

site logo site logo

ნიკა მელია: ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სახელით „ფეისბუკზე" გამოქვეყნებულ წერილში პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ „გამოსასყიდ თანხას" 1 ლარსაც არ გადაიხდის. მელია ყველას მიმართავს, რომ მის გამო თანხის გადახდის შესახებ ალტრუისტული სურვილები წარსულს ჩააბარონ.

„1. გამოსასყიდი თანხა 1 ლარიც რომ მქონდეს გადასახდელი, არ გადავიხდი და ყველა ენთუზიასტს (იქნება ის უცხოელი თუ სხვა) დაბეჯითებით ვთხოვდი, ეს ალტრუისტული სურვილები, რომ ჩემი გამოსასყიდი თანხა თავად გადაიხადონ, წარსულს ჩააბარონ.

2. სანამ რამე ფორმითა და რამე ფორმატში ჩემს გათავისუფლებაზე შედგება მსჯელობა, მე რუსთავის N12 ციხიდან უნდა გავიგო და დავინახო, რომ გიორგი რურუა უკვე სახლშია", - აცხადებს მელია.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სურვილის შესახებაც წერს: „და ბოლოს, ძალიან პრინციპულად მსურს გავიმეორო:

თეორიულად ყველა შესათანხმებელ საკითხზე რომც მოხერხდეს შეთანხმება, ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება!

ყველაფერი მაგრად იქნება, მთავარია, არ დავიღალოთ და არ ვიწუწუნოთ".

ევროკავშირის მედიაციით ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას" შორის მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა. როგორც ბრიფინგზე თქვა კრისტიან დანიელსონმა, არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მისი წინადადებები ბოლომდე არ მიიღო და კომპრომისი ვერ იქნა მიღწეული.

გამოცემა „პუბლიკის" ცნობით, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი მზად იყო, ერთ-ერთი ფონდის გავლით გადაეხადა ნიკა მელიას გირაო.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. მელიას პატიმრობა გირაოს გადაუხდელობის გამო შეუფარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG