Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციისა და ფინანსთა მინისტრები დაასახელა


​საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ორი ახალი მინისტრი დაასახელა. იუსტიციისა და ფინანსთა მინისტრების ვინაობა მან მედიას მთავრობის სხდომის დაწყებამდე აცნობა.

იუსტიციის მინისტრის თანამდებობას რატი ბრეგაძე დაიკავებს, ფინანსთა მინისტრის თანამდებობას კი ლაშა ხუციშვილი.

"ბატონი ვანო მაჭავარიანი აპირებდა გადადგომას ჯერ კიდევ დეკემბერში, როგორც მან აღნიშნა, მაგრამ ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ რამდენიმე თვე გაეგრძელებინა მუშაობა. მინდა, მას ჩვენი მთავრობის და გუნდის სახელით გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატება მის შემდგომ საქმიანობაში. ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე მოგეხსენებათ, მიემგზავრება ჰააგაში. გუშინ იყო მისი ბოლო სამუშაო დღე. მე მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო მას და ვუსურვო წარმატება", - თქვა პრემიერმა.

პრემიერის ინფორმაციით, ლაშა ხუციშვილს 2014 წლიდან მას ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. 2013-2014 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი. 2008-2013 წლებში მუშაობდა დიდ ოთხეულში, საერთაშორისო კომპანია Ernst & Young-ში საგადასახადო და იურიდიული მიმართულებით. არის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლისა (ESM) და პრესტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

ღარიბაშვილის თქმით, რატი ბრეგაძეს 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე სხვადასხვა პერიოდში ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა.

ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა თანამდებობა გუშინ დატოვა, იუსტიციის ყოფილი მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე კი ჰააგის სასამართლოში მოსამართლედ დაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG