Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა გოგოლაშვილი: მე მგონია, რომ დოკუმენტი ევროკავშირის მხრიდან რაღაც კარგად ნამუშევარი არ იყო


კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ევროკავშირის მიერ მომზადებული დოკუმენტი „რაღაც კარგად ნამუშევარი არ იყო“. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ კახა გოგოლაშვილმა აღნიშნა, რომ დოკუმენტში პრინციპული საკითხები ვერ მოხვდა:

„საქმე იმაშია, რომ თავად დოკუმენტი კი მშვენიერი დოკუმენტი იყო, მაგრამ მასში არ იყო შესული ის საკითხები, რომლებსაც მხარეები თვლიან ყველაზე პრინციპულ საკითხებად. მაგალითად რიგგარეშე არჩევნები ან ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების საქმე, მათი გამოშვების საკითხი. ანუ პრაქტიკულად დოკუმენტი თავიდან ირიდებს იმ საკითხებს, რომლებზეც წითელი ხაზები გადის“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა "დილის საუბრებში". შეკითხვაზე იქნებ ასეთი მიდგომა ჩათვალა მედიატორმა გამოსავლად, კახა გოგოლაშვილმა აღნიშნა, რომ არ ჰგონია, ეს გამოსავალი ყოფილიყო:

„გამოსავალი ხომ უნდა იყოს პროცესის წინსვლა და თუ რაღაც საკითხების გარეშე პროცესი წინ არ წავა, მაშინ რა აზრი აქვს შეთანხმებას რაღაც საკითხებზე. კი ბატონო, მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი თემები იყო შიგნით გაშუქებული და უნდა მომხდარიყო ყოველ შემთხვევაში იმის დაფიქსირება მაინც, რომ ამ თემებზე თანხმდებიან მხარეები და ეს უკვე რაღაც კლიმატს შექმნიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი უარყოფილი იქნა იმის გამო, რომ არ იყო გათვალისწინებული რაიმე მიდგომები იმ ორ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც თვლიან ძალიან პრინციპულად“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა. მისი შეფასებით, პოლიტიკური კლასი საქართველოში არ არის სათანადოდ მომწიფებული და არ ავლენს დემოკრატიული პოლიტიკური ისტაბლიშმენტის თვისებებს, რომლებიც განსაკუთრებით ევროპაში კომპრომისების ძიებითა და კონსენსუსის მიღწევით ხასიათდება.

31 მარტს თბილისში ისევ უშედეგოდ დასრულდა ევროკავშირის მედიაციით, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკება, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

12-18 მარტის პირველი უშედეგო ეტაპის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში 27 მარტს დაბრუნდა, მხარეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა და 30 მარტს ხელმოსაწერად შესთავაზა კონკრეტული დოკუმენტი.

როგორც დანიელსონმა თქვა, წინადადებები ეხებოდა საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს, ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით პარლამენტში, და საკვანძო პოლიტიზებულ სასამართლო საქმეებსა და ადრეულ არჩევნებზე გაგრძელებული დებატების დასრულებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა სამწუხარო უწოდა იმას, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს წინადადებები არ მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG