Accessibility links

site logo site logo

საბა ბუაძე: ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა გაასაჯაროვოს ყველა რუსი ვიზიტორის ვინაობა


საბა ბუაძე

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე ამბობს, რომ მაღალი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა გაასაჯაროვოს ყველა რუსი ვიზიტორის ვინაობა. მისი თქმით, ამით ხელისუფლებამ უნდა დაადასტუროს, რომ მათ დარღვეული არ აქვთ ოკუპაციის შესახებ კანონი და კოვიდრეგულეციების ნაწილი:

„ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ ბევრი რეგულაცია დაირღვა და ახლა ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობაა დაამტკიცოს რომ სხვა კანონები არ დარღვეულა. უფრო სწორედ, ამ ხალხის გარდა ხელისუფლება ვალდებულია დაამტკიცოს რომ თავად არ დაურღვევია კანონი ამ ხალხის საქართველოში შემოყვანა-დახვედრა-გაცილებით“, - აღნიშნავს საბა ბუაძე.

31 მარტს სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები მოჰყვა რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას. იგი 1 აპრილს დაბადების დღის თბილისში აღნიშვნას აპირებდა. სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა

განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ იმასაც, რომ პოზნერს კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევის უფლება მისცეს.

გასულ ღამით აქციები გაიმართა „ვინოტელთან“, სადაც პოზნერი და მისი თანმხლები პირები ვახშმობდნენ და სასტუმრო „რუმსთან“, სადაც ვახშმის შემდეგ მივიდნენ. ორივე ადგილას პოლიცია იყო მობილიზებული. შრომის ინსპექციის ცნობით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის, „ვინოტელი“ 10 000 ლარით დააჯარიმეს. კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოსული 32 პირიც. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორისაა თავად პოზნერიც.

ვლადიმირ პოზნერის თანმხლებ პირებს „ვინოტელი“ პოლიციის დახმარებით დაატოვებინეს.

შსს-ს ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „კანონი ოკუპაციის შესახებ“, პოზნერთან ერთად ჩამოსულმა პირებმა კი წარმოადგინეს კოვიდ-პასპორტი, ან PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი.

საპროტესტო აქციების გამო, პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისის დღეს დილით დატოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG