Accessibility links

site logo site logo

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე ეკა ბესელიას ინტერესებს საია  დაიცავს


ეკა ბესელია, ნიკა სიმონიშვილი, საიას თავმჯდომარე

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეკა ბესელიას საქმე ერთ-ერთი ის შემთხვევაა, რომელიც ნათლად წარმოაჩენს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟისა და აღნიშნულ ფაქტებზე სახელმწიფო ორგანოების არაქმედითი რეაგირების სისტემურ პრობლემას:

„პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვან იარაღად იქცა, რომელსაც ხელისუფლება თუ არაფორმალურად დაინტერესებული სუბიექტები კონკრეტულ პირების საჯარო თუ პოლიტიკური ცხოვრებიდან განდევნის მიზნით აქტიურად იყენებენ. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არიდებს თავს ამგვარი დანაშაულების დროულ და ეფექტიან გამოძიებას, რითიც ადასტურებს იმას, რომ არ აქვს პოლიტიკურ ნება, აღიკვეთოს ფარული ჩანაწერებით შანტაჟის პრაქტიკა“, - აღნიშნავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.

საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, გამოძიების პროცესი მიმართონ იმ პირების გამოვლენასა და პასუხისგებაში მიცემაზე, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი იყვნენ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი კადრების შექმნასა და პირველად გავრცელებაში. ორგანიზაციის შეფასებით, კრიტიკულად აუცილებელია დაისაჯოს პირველწყარო და ხელისუფლებამ დაადასტუროს, რომ ხელს არ აფარებს და უწყობს ამგვარ დანაშაულს.

2019 წლის იანვარში ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი კადრები. აღნიშნული საქმის გამოძიება 2019 წლის 28 იანვარს დაიწყო, თუმცა, გამოძიების დაწყებიდან დღემდე პროკურატურის მიერ პასუხისგებაში მიცემული არიან მხოლოდ ის პირები, რომლებმაც შეინახეს ან გაუზიარეს სხვა პირებს აღნიშნული ჩანაწერი. საიას თანახმად, პირები, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ აღნიშნული ჩანაწერის შექმნაში და ჩანაწერის გავრცელების პირველწყაროს წარმოადგენენ, დღემდე არ არიან იდენტიფიცირებულები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG