Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამაზ ბეღელური თავისუფალია, ცხინვალის ციხეში საქართველოს სამი მოქალაქე რჩება


რამაზ ბეღელური ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლების შემდეგ
რამაზ ბეღელური ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლების შემდეგ

ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გუგუტიაანთკარის მცხოვრები 36 წლის რამაზ ბეღელური დღეს გაათავისუფლეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ის ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს. გათავისუფლებული რამაზ ბეღელურის ინფორმაციით, საპატიმროში ცუდად არ ეპყრობოდნენ, ყურადღებას აქცევდა ექიმიც, მასთან ერთად მყოფი ოსი პატიმრები კი ჰიგიენის ნივთებსა და საჭმელს არ აკლებდნენ.

რამაზ ბეღელურმა ჟურნალისტებს უამბო, რომ ე. წ. საზღვრის დარღვევის გარემოებები პრაქტიკულად არ ახსოვს, რადგან ახლობლის ორმოციდან ბრუნდებოდა და ნასვამი იყო. ბეღელურის ინფორმაციით, დააკავეს სოფელ ხელჩუასთან, საიდანაც ჯერ დისევში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ცხინვალში. დე ფაქტო სასამართლომ ე. წ. საზღვრის დარღვევისთვის შეუფარდა ერთი თვით პატიმრობა, რომელიც კიდევ ერთი თვით გაუგრძელეს. ე. წ. საზღვრის დარღვევისთვის ადრე ორჯერ დაკავებისგან განსხვავებით, ამჯერად რამაზ ბეღელურს ჯარიმა არ გადაუხდია და ციხე მას შემდეგ დატოვა, რაც უკანონო პატიმრობის ვადა აღარ გაუგრძელეს. ცხინვალის ციხიდან დღეს გათავისუფლებულმა რამაზ ბეღელურმა მედიას უამბო, რომ თავად პირველ სართულზე მდებარე საკანში იმყოფებოდა, ზაზა გახელაძე კი მესამე სართულზეა და არ უნახავს, თუმცა სხვა პატიმრებისგან იცის, რომ თავს ცუდად გრძნობს და ოჯახზე ნერვიულობს. რამაზ ბეღელური ცხინვალის ციხეში შეხვდა კიდევ ერთ უკანონო პატიმარს, გენადი ბესტაევს. ბეღელურის თქმით, რამდენიმე ხნის წინ ბესტაევს ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთეს.

რამაზ ბეღელური
რამაზ ბეღელური

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარის მცხოვრები 36 წლის რამაზ ბეღელური საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თებერვლის დასაწყისში უკვე მესამედ დააკავეს ე. წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. ბეღელური სოფლის მეურნეა და მისი მიწის ერთი ნაკვეთი საოკუპაციო გამყოფი ხაზის მახლობლად მდებარეობს. ბეღელურის გათავისუფლების შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა ინფორმაცია გაავრცელა. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების კომიტეტის თანახმად, 31 მარტს ცხინვალის „სასამართლომ“ რამაზ ბეღელური დამნაშავედ ცნო „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში“ და ერთი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა, რის შემდეგაც 1 აპრილს ქართულ მხარეს გადასცეს.

რამაზ ბეღელურს ერგნეთში დახვდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე. მისი განცხადებით, უკანონო პატიმრის გათავისუფლება შესაძლებელი გახდა „ცხელი ხაზით“ აქტიური კომუნიკაციის შედეგად და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, გამოყენებული იყო ერგნეთისა და ჟენევის მოლაპარაკების მექანიზმები.

ანთაძის თანახმად, სახელმწიფო ყველა საშუალებას მიმართავს ზაზა გახელაძისა და სხვა უკანონო პატიმრების გასათავისუფლებლადაც. ამ მიზნით დიალოგი გრძელდება, თუმცა დეტალებზე ვერ ილაპარაკებს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე 2020 წლის ზაფხულში დააკავეს ე. წ. საზღვრის დარღვევისთვის, მოგვიანებით ბრალი წაუყენეს სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის მცდელობაშიც და 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები, 2019 წელს დაკავებული გენადი ბესტაევი, ე. წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ერთწლიან უკანონო სასჯელს იხდის ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი, რომელიც ე. წ. საზღვრის დარღვევისთვის 2020 წლის ზაფხულში დააკავეს. ხეთერელი ამ ბრალდებით ადრეც არაერთხელ იყო დაკავებული.

ცხინვალის ციხეში ამჟამად საქართველოს სამი მოქალაქე უკანონო პატიმრობაში რჩება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მათ გათავისუფლებას ერგნეთში 23 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG