Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეისმური მონიტორინგის ცენტრი მაჭავარიანის ქუჩის მეწყრის შესახებ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს 


მაჭავარიანის ქუჩის მეწყრის მდგომარეობის შეფასების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

ანგარიშში აღწერილია მეწყრის გამომწვევი ხელოვნური მიზეზები და მეწყრული პროცესების ბუნებრივი ხელისშემწყობი პირობები.

მეწყრის გამომწვევი ხელოვნური მიზეზები

„მაჭავარიანის ქუჩაზე წარმოებული გზის გაფართოების-გაყვანის და წყალსადენის მილების რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოები, რომლის დროსაც მოხდა ფერდობის (ამჟამინდელი მეწყრის) ძირში ღრმა სამშენებლო თხრილის გაჭრა, რის შედეგადაც ფერდობის ბუნებრივი საყრდენის ძირის ხელოვნურად მოშიშვლებულმა საერთო სიღრმემ მიაღწია დაახლოებით 15-20 მეტრს. (იხ. სურ 5). ასევე ხელოვნურ ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება ფერდობის დატვირთვა სამშენებლო სამუშაოებით", - ნათქვამია ანგარიშში.

მეწყრული პროცესების ბუნებრივი ხელისშემწყობი პირობები:

  1. ფერდობის და ამგები ქანების შრეების თანხვედრი დაქანება
  2. ტერიტორიაზე არსებული მეორეხარისხოვანი ტექტონიკური ნასხლეტი ტიპის რღვევები
  3. ზედაპირთან ახლოს, საშუალოდ 5-10 მეტრ სიღრმეზე ამგები ქანების გამოფიტვა

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამჟამად მოქმედი 3 სეისმური სადგური ჩაიწერს მეწყრის მოწყვეტას, მაგრამ მოწყვეტის შესაძლო პროგნოზირებისათვის, აუცილებელია დაბზარვის მაჩვენებელზე დაკვირვება. ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს მიიღწევა მეწყრის ტანზე სხვა ტიპის სეისმური სენსორების ინსტალაციით.

როგორც დოკუმენტში არის ნათქვამი, საჭიროა ერთი გეოტექნიკური ჭაბურღილის გაკეთება, რომლის ჭრილიც ინფორმაციას მოგვცემს ამგები ქანებისა და მათი ფიზიკა-მექანიკური მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის მიხედვით, ბურღი შესაძლებელია გაკეთდეს მეზობელ ტერიტორიაზე, რათა არ მოხდეს მეწყრული სხეულის ზედმეტი შეშფოთება.

ანგარიშის ავტორები შემდეგ დასკვნებსა და რეკომენდაციებს იძლევიან:

  1. გეოლოგიური, გეოდეზიური და გეოფიზიკური კვლევების საფუძველზე, ვასკვნით, რომ მაჭავარიანის ქუჩის ბლოკური მეწყერი დინამიკაშია.
  2. მეწყრის გამომწვევი მიზეზები: მაჭავარიანის ქუჩაზე წარმოებული გზის გაფართოება- გაყვანის და წყალსადენის მილების რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოები (ფერდის დატვირთვა).
  3. მაჭავარიანის ბლოკური მეწყრის სხეული განიცდის ინტენსიურ დეფორმაციას. დაძაბულობის სრული ველის შესაფასებლად აუცილებელია აპარატურა, რომელიც დაკვირვების რეზოლუციას გაზრდის.
  4. მაჭავარიანის ბლოკური მეწყრის სხეული დანაწევრებული და არაერთგვაროვანია, შესაბამისად მოწყვეტის შემთხვევაში, დიდი ალბათობაა არაერთგვაროვანი და დანაწევრებული მასა დაიძრას. გეოფიზიკურ პროფილებზე ცხადად დაიკვირვება შესაძლო მოწყვეტის ზედაპირები.
  5. მეწყრის მოწყვეტის ფაზის შესაძლო იდენტიფიკაციისათვის საჭიროა სპეციალური აპარატურა, რომელიც მაღალი სიზუსტით მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ სხეულის გადაადგილება, სიჩქარე და აჩქარება. (ლიდარული გადაღება, ექსთენსომეტრი, ვიწრო სიხშირულსპექტრიანი სეისმომეტრები და სხვა).
  6. მეწყრის დაძვრის შემთხვევაში, აუცილებელია განვიხილოთ ყველა შესაძლო ექსტრემალური სცენარი, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
  7. სრულყოფილი მონიტორინგისათვის აუცილებელია მეწყრის პერიმეტრის რეგულარული დაცვა, ზედმეტი ვიბრაციის, ფერდის დატვირთვის თავიდან ასაცილებლად და ფონური ხმაურის დასაწევად.
  8. ბლოკური მეწყრის ხასიათის, გავრცელების არეალის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, შედარებით მცირეა ალბათობა იმისა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს, მაგრამ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მცირე ალბათობაც გასათვალისწინებელია.
  9. ვინაიდან მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებით გადაყვანა.

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული სხეულის გააქტიურება ყურადღების ცენტრში 18 მარტს მოექცა - ლისის ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები, რომლებიც, სპეციალისტების თქმით, მზარდი და დინამიკურია.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას აშენებს. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG