Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში თბილისიდან ვლადიმირ პოზნერის გაძევებას გმობენ, ხელისუფლებას აქებენ


კრემლი, დუმა და რუსეთის მთავარი მედიაპროპაგანდისტები ეხმაურებიან თბილისიდან ცნობილი რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის გაძევებას სამოქალაქო პროტესტის ფონზე. რუსეთში რადიკალებს და პროვოკატორებს უწოდებენ მათ, ვინც პოზნერს პროტესტით დახვდა წარსულში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებების გამო. ამასთანავე, ოფიციალური მოსკოვი იწონებს საქართველოს ხელისუფლების მიდგომას, რომელიც ასევე რადიკალებს უწოდებს საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული ტელევიზიის სახე, ვეტერანი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში ჩამოვიდა 31 მარტს, საკუთარი 87 წლის იუბილეს გადასახდელად.

თბილისში მას პროტესტით დახვდნენ, წარსულში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო. პოზნერის სიტყვებით, აფხაზეთი საქართველოს ნაწილი აღარასოდეს იქნება.

ზოგი ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისუფლად უშვებს ქვეყანაში ოკუპანტი სახელმწიფოს იდეოლოგებს მაშინ, როცა უბრალო ადამიანებს საქართველოს საზღვრიდან უკან აბრუნებენ ყოველგვარი განმარტების გარეშე.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ იმასაც, რომ პოზნერს კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის უფლება მისცეს. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები, ასევე, სასტუმრო, რომელშიც ისინი ვახშმობდნენ, დააჯარიმეს.

რადიო თავისუფლებამ თავი მოუყარა რუსეთში გაკეთებულ შეფასებებს.

რას ამბობს თავად პოზნერი?

ტელეწამყვანი, რომელსაც დაბადების დღის გადახდა რუსეთში მოუწია, თბილისში მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს აქვეყნებს საკუთარ ვებსაიტზე.

„ძვირფასო კოლეგებო! ავხსნიდი, რატომ არ მოგეცით კომენტარი თბილისში მომხდართან დაკავშირებით, რატომ არ მივიღე წინადადებები პროგრამებში მონაწილეობაზე. განმარტება მარტივია და, როგორც მეჩვენება, აშკარა: ადამიანები, რომლებმაც ეს მოაწყვეს, ყურადღების ღირსი არ არიან. დიდი პატივი იქნებოდა. ამიტომ ჩუმად ვარ და ვიქნები“, - ამბობს პოზნერი.

დმიტრი პესკოვი, კრემლის სპიკერი

„საქართველოში წასვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის სახიფათოა. იქ წასვლა უბრალოდ სახიფათოა და ეს მოქალაქეებს კარგად უნდა ესმოდეთ“, - ამბობს დმიტრი პესკოვი და აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ექსტრემისტულად განწყობილ ნაციონალისტებს უწოდებს.

ამასთან, პესკოვი დადებითად აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც დემონსტრანტები გააკრიტიკა. პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლი მადლობელია ქართველი პოლიციელებისა, რომელთაც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს.

სერგეი გავრილოვი, დუმის დეპუტატი

„პოზნერის შემთხვევა სერიოზული პოლიტიკური დემარშია. და მისი ფიგურა შემთხვევით არაა არჩეული, რადგან ის ფართოდაა ცნობილი რუსეთში, პოპულარულია ინტელიგენციაში. ეს არის გაცნობიერებული პროვოკაცია, რომელიც ურტყამს საქართველოს იმიჯს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყნისა, რაც მოიცავს სტუმრის უსაფრთხოებას. ეს არის რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, დაანახოს ყველა ტურისტს, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლება. ესაა გაცნობიერებულად „ორივე ფეხში სროლა“ იმისათვის, რომ დასუსტდეს ხელისუფლება, ეკონომიკა“, - ეუბნება რუსულ სააგენტო ТАСС-ს სერგეი გავრილოვი, რუსეთის დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე.

მისივე სიტყვებით, პოზნერის ვიზიტი მიუთითებს იმაზე, რომ ქართველ ხალხს, სამოქალაქო საზოგადოებასა და რაციონალურად მოაზროვნე ქვეყნის ხელისუფლებას, სურს, აღადგინოს კეთილი ურთიერთობები რუსეთთან.

თბილისში აპროტესტებენ რუსი ჟურნალისტის ჩამოსვლას
please wait

No media source currently available

0:00 0:00:25 0:00

„მაგრამ აგრესიული, რადიკალური უმცირესობა, რომელიც დასავლური წრეების ინსტრუმენტს წარმოადგენს, აშანტაჟებს ხელისუფლებას, აწყობს პროვოკაციებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გაწყვეტილ მდგომარეობაში“, - ამბობს გავრილოვი.

2019 წელს სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება „გავრილოვის ღამის“ სახელით ცნობილი მოვლენები. გავრილოვმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ღონისძიება გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რამაც ქართული საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. რუსეთის დელეგაციამ საქართველო დროზე ადრე დატოვა ხალხმრავალი პროტესტის ფონზე, რომელიც მოგვიანებით ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა.

ვიაჩესლავ ვოლოდინი, რუსეთის დუმის სპიკერი

„თბილისში პოზნერის ჩასვლის გარშემო მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ ღრმა კრიზისში იმყოფება საქართველო. დღეს რადიკალიზმი დიდწილად განსაზღვრავს მის საშინაო პოლიტიკას და ეს, რა თქმა უნდა, კარგს არაფერს მოიტანს“, - დაწერა ვოლოდინმა ტელეგრამ-არხზე.

მისივე სიტყვებით, ეს ყველაფერი საქართველოს მხოლოდ ანგრევს და ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ კიდევ ერთხელ აჩვენებს, „რამდენად არ არის უსაფრთხო იქ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ყოფნა“.

ვლადიმირ სოლოვიოვი, ტელეწამყვანი

რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, რუსეთის ჟურნალისტების გაერთიანების ხელმძღვანელი ვლადიმირ სოლოვიოვი „რია ნოვოსტისთან“ ამბობს, რომ „დაუშვებელია ჟურნალისტის დადანაშაულება მისი სიტყვების გამო, თუმცა მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია საქართველოს მოქალაქეებს უკარნახო, როგორ მოიქცნენ“.

„მაინც როგორი სახიფათოა რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ყოფნა, მაშინაც კი, თუ ისინი ფრანგი-ამერიკელები არიან“, - წერს სოლოვიოვი ტელეგრამ-არხში.

გრიგორი კარასინი, რუსეთის სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრი

კარასინი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება იყოს დადგმული ანტირუსული პროვოკაცია. მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე შეაფასა მომხდარი და რადიკალებს უწოდა „დეგრადირებული ჯგუფი, რომელთანაც შეუძლებელია ცივილიზებული დიალოგის წარმოება“.

„ამ სამარცხვინო ვითარებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა მკაცრი დაპირისპირება საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ რადიკალებს შორის [მიხეილ] სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მათი აშკარა უხეშობითა და ადამიანური ურთიერთობების ელემენტარული ეთიკის დარღვევით“, - ამბობს კარასინი და განაგრძობს: „ამ პოლიტიკური ხულიგნების საბოლოო მიზანია, ხელი შეუშალონ ჯანსაღ ძალებს რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში იმ სფეროებში, რომლებშიც ეს შესაძლებელია არსებული პირობებით“.

თინა კანდელაკი, ტელეწამყვანი

რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ტელეწამყვანი თინა კანდელაკი აცხადებს, რომ რცხვენია მომხდარის გამო.

„ჩვენ, ქართველები ყოველთვის გამოვირჩეოდით სტუმართმოყვარეობით და შეიძლება, ბევრ რამეში შეიტანო ეჭვი, მაგრამ არა იმაში, რომ ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. ეს ჩვენი აღზრდისა და მსოფლმხედველობის ნაწილია ბავშვობიდან. ახლა კი ვხედავ, რომ ჩვენ გამოვავლინეთ სამარცხვინო დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, რომელსაც საქართველო მთელი გულით უყვარს“, - წერს ის ტელეგრამში.

მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი

„დემოკრატიის გზები არაცივილიზებულია: რთულ გზას გავდივართ ზურმუხტის ქალაქისკენ“, - ასე ეხმაურება მარია ზახაროვა პროტესტს თბილისში.

„რთულ გზას გავდივართ ზურმუხტის ქალაქისკენ“ არის სიმღერის ფრაზა რუსული მულტფილმიდან „ჯადოქარი ზურმუხტის ქალაქიდან“.

ასლან ბჟანია, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი

თბილისში მომხდარს გამოეხმაურა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც და პოზნერი აფხაზეთში მიიწვია.

„პატივცემულო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს. ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ახლობლებს. აფხაზეთის მთელი მოსახლეობა გააოგნა ვითარებამ, რომელიც თქვენ გარშემო შეიქმნა, თქვენი თბილისში ყოფნისას. მხოლოდ აღშფოთება შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. კავკასიელების მოქმედებებმა, რომლებმაც დაარღვიეს კავკასიელი ხალხის საუკუნოვანი ტრადიციები. პატივცემულო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, აფხაზეთში თქვენ ყოველთვის გელიან. გიწვევთ რესპუბლიკის მოსანახულებლად თქვენთვის ხელსაყრელ დროს“, - ნათქვამია ბჟანიას განცხადებაში.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG