Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალი" თავისი არსით არის ანტივაჟა


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

რეაქციას, რომელიც მოჰყვა თბილისში რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლას, „ფეისბუკზე" ეხმაურება „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" მოქმედების შეფასებისას აღნიშნავს, რომ ამ პარტიის წევრი „თავისი არსით, არის ანტივაჟა".

„გუშინ და დღეს „ნაციონალები" ამტკიცებდნენ, რომ ქართული წესი - „დღეს სტუმარია ეგ ჩემი“ ვრცელდება მხოლოდ მოყვარეზე და არა მტერზე. შეგახსენებთ, რომ ვაჟას ეს ანდერძი გრძელდება სიტყვებით - „თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“. ანუ წესის ობიექტი სწორედ რომ მტერია, თორემ მოყვარეს კაცი რომ მოყვრულად ხვდება, ამას გულზე მჯიღის ცემა საერთოდ არ ჭირდება. აქ პრობლემა უფრო მეტად მენტალიტეტშია, ვიდრე არცოდნაში. „ნაციონალი" ვერ იტანს ვაჟას, ისევე როგორც ყველაფერ წმინდას, რაც ჩვენს ტრადიციებსა და ღირსებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ადამიანი, რომელსაც ვაჟა წაკითხული და გაგებული აქვს, „ნაციონალი" ვერასდროს გახდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, „ნაციონალი", თავისი არსით, არის ანტივაჟა", - წერს კობახიძე.

ვლადიმირ პოზნერი, რომელიც 1 აპრილს 87 წლის გახდა, თბილისში გეგმავდა დაბადების დღის აღნიშვნას. რუსი ტელეწამყვანის ვიზიტის გამო წუხელ საპროტესტო აქციები გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

პოზნერი დაგეგმილზე ადრე გაემგზავრა საქართველოდან.

XS
SM
MD
LG