Accessibility links

site logo site logo

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მოსკოვში გაემგზავრა


ლაშა ტალახაძე

4-11 აპრილს რუსეთი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. მომავალ ჩემპიონატზე, მედლების გარდა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც უნდა გათამაშდეს. ქართული გუნდი შეჯიბრებაზე უძლიერესი შემადგენლობით გამოვა. მორიგი ტიტულისთვის იბრძოლებს მსოფლიო ძალოსნობის ლიდერი, ევროპისა და მსოფლიოს ოთხ-ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.

საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ჩაებმებიან: გიორგი დოკვაძე (55 კილოგრამი წონითი კატეგორია), შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი (ორივე 61 კგ), გოგა ჩხეიძე (67 კგ), კახი ასანიძე (73 კგ), რევაზ დავითაძე (89 კგ), ანტონ პლესნოი (96 კგ), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ), ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე +109 კგ).

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოახლოებული ევროპის ჩემპიონატი ძალოსნებისთვის პირველი შეჯიბრებაა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. ამ ჩემპიონატის რუსეთში ჩატარება კი მისი გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა, მაღალი შედეგებისთვის საბრძოლველად.

„წინ უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება გველოდება, რადგან მასზე ნაჩვენებ შედეგებზე იქნება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული, როგორ გადანაწილდება ევროპის ქვეყნებზე ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები. მაქსიმალურად ვეცდებით, რუსეთში საქართველოს ჰიმნი რაც შეიძლება მეტჯერ ავაჟღეროთ“ - გვითხრა ასანიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG