Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარი გრეგოროვა: თუ 7-ის განცხადება საკმარისი არაა, ნება მიბოძეთ, დავამატო მე-8 ხმა


ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მზადაა შეუერთდეს იმ ევროპარლამენტარების განცხადებას, რომლებიც აცხადებდნენ, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობას შესაძლოა ევროკავშირის მხრიდან დახმარებებთან დაკავშირებით შედეგები მოჰყვეს. ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მმართველი პარტიის კომენტარებს.

"განცხადება ძირითადად ეკუთვნოდათ ევროპარლამენტის თავმჯდომარეებს, თუ ეს საკმარისი არ არის, ნება მიბოძეთ, დავამატო ვიცე-თავმჯდომარის მე-8 ხმა. შეთანხმების მიუღწევლობას, თუნდაც ისეთი კარგის, როგორიც დანიელსონმა გამოაქვეყნა, ნამდვილად შეიძლება მოჰყვეს შედეგი. ევროკავშირი არის პარტნიორი და არა ინსტრუმენტი", - დატვიტა მარკეტა გრეგოროვამ.

მან სამოქალაქო მოძრაობა "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ტვიტი გადატვიტა, სადაც აღნიშნული იყო, რომ "ქართული ოცნების" ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა "შეცდომაზე" ან "მიკერძოებაზე" საუბრობდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი კი 7 ევროპარლამენტარის პოზიციას გაურკვეველს უწოდებდა.

წამყვანი ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არ დაეთანხმნენ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეთავაზებულ წინადადებებს და აცხადებენ, რომ ამას მოჰყვება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობის თვალსაზრისით.

„პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას. ევროპარლამენტი, კერძოდ, მოუწოდებს, რომ დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება“, - წერია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოსათვის კარგად ცნობილი შვიდი ევროპარლამენტარი.

რადიო თავისუფლების წყაროს თანახმად, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მაკროსაფინანსო დახმარების მოცულობა, რომელიც საქართველომ ოქტომბერში უნდა მიიღოს, 60 მილიონ ევროს შეადგენს.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებაში პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც საქართველოს მმართველ ძალას, ისე დისკუსიაში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი ეკისრება მმართველ პარტიას, რომელიც უნდა იყოს პირველი ამ კრიზისიდან საქართველოს გამოყვანის საქმეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG