Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სანქციების „ეტაპობრივად“ გაუქმებას უარყოფს


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიას, Press TV-ს, განუცხადა, რომ ირანი უარყოფს მის მიმართ დაწესებული სანქციების ნებისმიერ „ეტაპობრივად“ გაუქმებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საიდ ხათიბზადემ, ინტერვიუში განაცხადა, რომ „ირანის ისლამური რესპუბლიკის გადამჭრელი პოლიტიკა აშშ-ის ყველა სანქციის გაუქმებას ითვალისწინებს“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილემ, ჯალინა პორტერმა, 2 აპრილს განაცხადა, რომ მოლაპარაკება 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების შესახებ, ვენაში, მომავალ კვირაში მიმართული იქნება „ბირთვული ნაბიჯებისკენ, რომლებიც ირანმა უნდა გადადგას, რათა კვლავ დაიცვას“ ამ შეთანხმების პირობები.

აშშ-მა ცალმხრივად დატოვა ბირთვული შეთანხმება ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობისას, 2018 წელს, და სანქციები დაუწესა თეირანს.

ირანმა, საპასუხოდ, ეტაპობრივად დაიწყო შეთანხმების პირობების დაცვის შემცირება და გაზარდა ურანის გამდიდრება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გამოაცხადა თავისი მზადყოფნის შესახებ, კვლავ დაუბრუნდეს შეთანხმებას, მაგრამ მისი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჯერ ირანმა უნდა აღადგინოს ბირთვული პირობების დაცვა.

ირანის ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ალი აქბარ სალეჰიმ, განაცხადა, რომ თეირანი ოპტიმისტურად უყურებს ვენაში 6 აპრილის შეხვედრას, რომლის დროსაც აშშ და ირანი ირიბად მოილაპარაკებენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა მოლაპარაკების განახლებას ვენაში უწოდა „ჯანმრთელი ნაბიჯი წინ“. მან დასძინა, რომ „ჯერ ნაადრევია, და არ მოველით გარღვევას დაუყოვნებლივ, წინ რთული დისკუსია გველის“.

პრაისის თქმით, მომავალი კვირის მოლაპარაკება სამუშაო ჯგუფებში გაიმართება, რომლებიც ევროპის კავშირმა შექმნა შეთანხმების მონაწილე სხვა ქვეყნებით, ირანის ჩათვლით.

აშშ და ირანი აცხადებენ, რომ ორ მხარეს შორის ახლა პირდაპირი მოლაპარაკება არ შედგება. პრაისის თქმით, აშშ ღიაა ამ იდეისთვის.

ეს პირველი ნაბიჯია, თქვა ბაიდენის წარმომადგენელმა ირანის საკითხებში, რობ მელიმ. 2 აპრილს მან ტვიტერით განაცხადა, რომ დიპლომატები ახლა „სწორ გზას ადგანან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG