Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია რიონის ხეობაში გადაადგილებას "უსაფრთხოების მიზნით" ზღუდავს


შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, მოქალაქეების გადაადგილებას პოლიცია ზღუდავს. ამ შინაარსის განცხადება უწყების სახელით პრესსამსახურმა გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ადგილზე დღეს დილიდან ჩასული იყო ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე. მან მოსახლეობას, პროტესტის მიუხედავად, უთხრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერდება.

"ყველას აქვს თავისი დღის წესრიგი იმ საქმეში, რასაც ემსახურებიან. ყველამ უნდა გააკეთოს თავისი საქმე ამ დიდ სურათში... მე დამევალა და ფუნქციონალში ეგ მაქვს, რომ აქ მოვიდე და დავიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ჩვეულებრივ რეჟიმში..." - თქვა კომპანიის ახალმა დირექტორმა.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ სახელმწიფოს მოთხოვნით კომპანიის თურქი დირექტორი ქართველით შეიცვლებოდა.

XS
SM
MD
LG