Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა შეაქო აშშ-ის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მაღალი რანგის წევრებისთვის სანქციების გაუქმება


ევროკავშირი მიესალმა აშშ-ის მიერ სისხლის სამართლის სასამართლოს თანამშრომლებისთვის სანქციების გაუქმებას. სანქციები სასამართლოს, მათ შორის, მის მთავარ პროკურორს, დაუწესა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხაზს უსვამს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული სისტემისადმი აშშ-ის ერთგულებას. ბორელი თვლის, რომ „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მნიშვნელოვან როლს თამაშობს მართლმსაჯულების აღსრულებაში მსოფლიოს ყველაზე საშინელი დანაშაულების მსხვერპლთათვის“. „სასამართლოს მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობის დაცვას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს მისი ეფექტიანი და სათანადო ფუნქციონირებისთვის“, წაიკითხავთ განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა მას მერე, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სანქციების გაუქმების შესახებ გამოაცხადა 2 აპრილს და თქვა, რომ ისინი იყო „უადგილო და არაეფექტიანი“.

სანქციები დაწესდა შარშან აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ პროკურორ ფატუ ბენსუდას და სასამართლოს სხვა თანამშრომლების წინააღმდეგ. პომპეომ ჰააგაში დაფუძნებულ ინსტიტუტს ბრალად დასდო აშშ-ის სახელმწიფო სუვერენიტეტის შელახვა, როცა დაიწყო ავღანეთში თალიბების და ავღანეთის ძალების, ასევე აშშ-ის სამხედროების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულების გამოძიება. აშშ გააღიზიანა სასამართლოს ქმედებამ, როცა მან დაიწყო ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიებზე ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიება.

ბლინკენის თქმით, ამ ნაბიჯის მიუხედავად, აშშ აგრძელებს, კატეგორიულად არ დაეთანხმოს სასამართლოს ქმედებას ავღანეთისა და პალესტინელთა მიმართ. ბლინკენის თანახმად, აშშ წინააღმდეგია სასამართლოს მცდელობებისა, თავისი იურისდიქცია გაავრცელოს აშშ-სა და ისრაელზე, რომლებიც არ არიან სასამართლოს წევრები.

ვაშინგტონი, განაცხადა ბლინკენმა, თვლის, რომ ამ პრობლემების მოგვარება სასამართლოსთან თანამშრომლობით ჯობია და არა სანქციების გზით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG