ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ თავს ხეობაში განთავსებულ კარვებს შეაფარებდნენ, პოლიციამ "კომენდანტის საათის" დარღვევისთვის 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმებულთა რაოდენობა 10-ზე მეტია. ამის შესახებ თავად აქციის მონაწილეები ამბობენ.
"დაგვაჯარიმეს და წავიდნენ. მათი მიზანი იყო ოქმები შეედგინათ ჩვენთვის და დავესაჯეთ ამით", - უთხრა "მთის ამბებს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მირზა ნოზაძემ.
დღეს მთელი დღეა რიონის ხეობაში დაძაბული მდგომარეობაა. პოლიციას ჩაკეტილი ჰქონდა ხეობის ის ნაწილი, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობისთვის სამუშაოებია დაწყებული.
ადგილზე დღეს დილიდან ჩასული იყო ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე. მან მოსახლეობას, პროტესტის მიუხედავად, უთხრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერდება.
"ყველას აქვს თავისი დღის წესრიგი იმ საქმეში, რასაც ემსახურებიან. ყველამ უნდა გააკეთოს თავისი საქმე ამ დიდ სურათში... მე დამევალა და ფუნქციონალში ეგ მაქვს, რომ აქ მოვიდე და დავიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ჩვეულებრივ რეჟიმში..." - თქვა კომპანიის ახალმა დირექტორმა.
ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.
რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ სახელმწიფოს მოთხოვნით კომპანიის თურქი დირექტორი ქართველით შეიცვლებოდა.