Accessibility links

site logo site logo

რუსეთმა უარი თქვა ტვიტერის აკრძალვაზე, თუმცა ქსელს მაისის შუა რიცხვებამდე შეანელებს


რუსეთის კომუნიკაციების სახელმწიფო მარეგულირებელმა ორგანომ უარი თქვა ტვიტერის აკრძალვაზე, მის პლატფორმაზე შინაარსის შესახებ უთანხმოების ფონზე. თუმცა, უწყებამ 5 აპრილს განაცხადა, რომ მაისის შუა რიცხვებამდე ქვეყანაში გააგრძელებს ამ ამერიკული სოციალური ქსელის სიჩქარის შენელებას.

რუსეთს კონფლიქტი აქვს ამერიკულ სოციალური მედიის პლატფორმებთან, ტვიტერის ჩათვლით, იმ შინაარსის გამო, რომელსაც ის აკრძალულად მიიჩნევს - მაგალითად, ერთიანი საპროტესტო გამოსვლებისკენ მოწოდებების. კრემლის რუსი კრიტიკოსები იყენებენ სოციალურ ქსელებს, მათ შორის ტვიტერს და იუტუბს, რათა თავი აარიდონ მედიის სახელმწიფოს მიერ კონტროლს და თავიანთი, ანტისამთავრობო შეტყობინებებით ათობით მილიონ მოქალაქეს მისწვდნენ.

კრემლის კრიტიკოსმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ იანვარში აშშ-ის სოციალური მედიის ქსელები გამოიყენა 2011-2012 წლების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებისთვის. ამგვარი შინაარსის შემცველი ტექსტების გამო რუსეთის სასამართლომ ტვიტერს დააკისრა 120,000 ამერიკული დოლარის ოდენობის ჯარიმა,

ტვიტერის წინააღმდეგ თავის საჩივრებს რუსეთის მარეგულირებელი ორგანო ასევე აფუძნებს განცხადებას, რომ ქსელი თავის პლატფორმაზე არასათანადოდ ებრძვის ბავშვთა პორნოგრაფიას, ისევე, როგორც შინაარსს, რომელიც ბავშვებს ნარკოტიკების მოხმარებისკენ და თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. თავად ტვიტერი აცხადებს, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ატარებს ბავშვთა პორნოგრაფიის და სხვა ზიანის მომტანი შინაარსის მიმართ.

როსკომნადზორმა გასულ თვეში დაიწყო ტვიტერის სიჩქარის შენელება, მისი თქმით, როგორც პასუხი ტვიტერის უარზე წაეშალა ორგანოს მიერ დაუშვებლად მიჩნეული მასალები. როსკომნადზორი გამოვიდა ტვიტერის სრულად აკრძალვის მუქარით, თუკი ქსელი მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდა. 5 აპრილის განცხადებაში მარეგულირებელი ორგანო ამბობს, რომ ტვიტერს არ აკრძალავს, მას შემდეგ რაც, ორგანოს თქმით, პლატფორმამ წაშალა აკრძალული შინაარის შემცველი 1,900-დან 3,100-მდე მასალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG