Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ მისასვლელები გადაკეტა კოლონიასთან, სადაც ნავალნი იმყოფება


რუსეთის პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა ვლადიმირის ოლქის ქალაქ პოკროვის No2 გამოსასწორებელ კოლონიასთან, რომელშიც ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იხდის პატიმრობას. ნავალნის მომხრეები, მათ შორის მედიკოსები პროფკავშირ „ექიმების ალიანსიდან“, ითხოვენ, პატიმარს კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ.

როგორც ტვიტერში იტყობინებოდა საინტერნეტო გამოცემა Sota Vision-ი, სამართალდამცავებმა გადაკეტეს კოლონიასთან მისასვლელი გზები, გამოსასწორებელი დაწესებულების ტერიტორიიდან მხოლოდ გამოსვლა შეიძლება. იქ არ შეუშვეს ქალი, რომელსაც სურდა ნავალნისთვის ამანათის გადაცემასთან დაკავშირებული ფორმალობების მოგვარება.

კოლონიის მახლობლად ბევრი ჟურნალისტია შეკრებილი. „ექიმების ალიანსის“ ხელმძღვანელმა ანასტასია ვასილიევამ შეკრებილებს განუცხადა, რომ განცხადება დაწერა კოლონიის ხელმძღვანელობის სახელზე და ნავალნის მონახულება ითხოვა. ვასილიევას სიტყვებით, მას უარი უთხრეს ნავალნის მონახულებაზე, ვინაიდან დაწესებულებაში დღეს არ არის მიღების საათები.

მანამდე „ექიმების ალიანსის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პოკროვში მიემგზავრებიან „არა პროტესტისთვის“, არამედ ნავალნის „გადასარჩენად“.

გუშინ ალექსეი ნავალნიმ თავისი ადვოკატების მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი თხუთმეტკაციანი განყოფილებიდან სამი ტუბერკულოზით არის ჰოსპიტალიზებული. თავად ნავალნის ექიმებმა მაღალი სიცხე და ძლიერი ხველა დაუდგინეს.

პოლიტიკოსი განაგრძობს შიმშილობას, რომელიც 31 მარტს დაიწყო. მისი ადვოკატის, ოლგა მიხაილოვას სიტყვებით, კოლონიაში ყოფნის განმავლობაში მან 13 კილო დაიკლო.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის გენერალური მდივანი ანიეს კალამარი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდებს, შეუშვან ნავალნისთან ციხეში მისი ნდობით აღჭურვილი ექიმი და ასევე დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG