Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვანეთში "კავკასიონის" ხაზის დაზიანების გამო აფხაზეთში ენერგომომარაგება შეიზღუდა


ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ დღეს ღამით ავარიულად გამოირთო, რის გამოც აფხაზეთში ენერგომომსახურება შეიზღუდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ განუცხადეს.

„დღეს, 6 აპრილს, 03:12 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამის ტერიტორიაზე, უამინდობითა და ზვავით ვამოწვეული ხეების მოგლეჯვის გამო, ავარიულად გამოირთო 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები“, – აცხადებენ კომპანიაში.

„კავკასიონის“ გათიშვამ ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგომომარაგების შეზღუდვა გამოიწვია. ადგილობრივი კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ცნობით, აბონენტებს დენი ერთი საათით, ყოველ სამ საათში ეთიშებათ.

თავდაპირველად სოხუმში განაცხადეს, რომ ავარია რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა, მოგვიანებით კი დააზუსტეს, რომ დაზიანება „კავკასიონის“ ხაზზე, საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

აფხაზეთის ენერგომომარაგება „ენგურჰესის“ სარემონტო სამუშაოების გამო ამჟამად სრულად რუსეთიდან ხორციელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG