Accessibility links

site logo site logo

„თურქეთი ყველაზე დიდი საფრთხეა“ - სომხეთის ექსპრეზიდენტის ინტერვიუ პოზნერთან​


რობერტ ქოჩარიანი / ვლადიმირ პოზნერი

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი - რომელიც მონაწილეობას აპირებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში - ვლადიმერ პოზნერთან ინტერვიუში საუბრობს სომხეთის ისტორიულ პრორუსულ ვექტორზე. ის სომხეთის ყველაზე დიდ, „ეგზისტენციურ და ისტორიულ“ საფრთხედ ასახელებს თურქეთს და საილუსტრაციოდ აჭარაზე მიუთითებს.

„საზღვრის გახსნის შემთხვევაში, თურქეთი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ სომხეთი გახდეს აჭარის მსგავსი, ბიზნეს-ეკონომიკური გავლენის თვალსაზრისით. მე აქ გარკვეულ საფრთხეს ვხედავ“, - ამბობს ქოჩარიანი რუსეთის პირველ არხის ეთერში 5 აპრილს გასულ გადაცემაში.

სომხეთ-თურქეთის საზღვრის 311 კმ-იანი მონაკვეთი ჩაკეტილია, ქვეყნებს ერთმანეთთან არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები. სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ისტორიულად დაძაბულია, განსაკუთრებით მე-20 საუკუნის დასაწყისში, დღევანდელი თურქეთის დასავლეთში სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტვის გამო. ამ მოვლენას სომხები, ისევე, როგორც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა სომხების გენოციდად მიიჩნევს.

რობერტ ქოჩარიანი ყარაბაღის მეორე ომში მარცხზე პასუხისმგებლობას სრულად აკისრებს მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. ის გამორიცხავს ღალატს რუსეთისგან, რომელიც როგორც სომხურ, ისე აზერბაიჯანულ მხარეს აწვდიდა იარაღს.

„რუსეთი აკეთებდა მაქსიმუმს, რაც შეეძლო, რათა შეეჩერებინა ომი“, - ამბობს ქოჩარიანი და განაგრძობს: „[იარაღს აზერბაიჯანელები] სადმე სხვაგანაც იყიდდნენ“.

ყარაბაღის მეორე ომში სომხებმა დაკარგეს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი, რომელსაც 1990-იანი წლების შემდეგ აკონტროლებდნენ.

ვლადიმირ პოზნერის კითხვაზე, რუსეთის მონაწილეობის გარეშე, იქნებოდა თუ არა მთიანი ყარაბაღი უკვე სრულად აზერბაიჯანის შემადგენლობაში, რობერტ ქოჩარიანი პასუხობს:

„რუსთის პრეზიდენტის აქტიური, საჯარო ჩარევის გარეშე ასეთი გამოსავალი სავსებით შესაძლებელი იყო“, - ამბობს ის და ამატებს: „ვფიქრობ, ყველაფერი დაკარგული არაა. არსებობს შესაძლებლობა, სულ მცირე მოლაპარაკების პროცესში, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქში შემავალ ტერიტორიებზე მსჯელობა“.

რობერტ ქოჩარიანი ამბობს, რომ არასოდეს დაუმალავს დამოკიდებულება რუსთის მიმართ და სომხეთის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკისგან განსხვავებით, მისი საგარეო ორიენტაცია მკაფიოდ რუსულია:

„ჩვენი ისტორიული რუსული ორიენტაცია აღიზიანებს არა მხოლოდ თურქეთს, არამედ ამერიკელებს, ძალიან ბევრს. სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ გადალაგებასთან დაკავშირებით, ძალიან აქტიურად მუშაობენ სომხეთში ძალები, რომლებიც ცდილობენ გააფუჭონ ურთიერთობები რუსეთთან. ისინი ადანაშაულებენ რუსეთს იმაში, რომ ომი წავაგეთ და ა.შ.“

ქოჩარიანი - რომელიც სომხეთს ხელმძღვანელობდა 1998-2008 წლებში - ამბობს, რომ კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული არსებობდა მოლაპარაკებების პროცესი, თუმცა ბოლო წლებში სომხეთის ხელისუფლებამ პროცესი სრულ ჩიხში შეიყვანა.

„იქ, სადაც მთავრდება მოლაპარაკებები, იწყება ომი“, - ამბობს ქოჩარიანი და განაგრძობს: „1992 წლიდან მიმდინარე მოლაპარაკებების განულება იყო შემოთავაზებული [სომხური მხარისგან]. შემდეგ დაიწყო ფორმულა, რომ ყარაბაღის წარმომადგენელთა გარეშე მოლაპარაკებების არ შეიძლება შედგეს. შემდეგ იყო ფორმულა „ყარაბაღი სომხეთია და მორჩა!“ ანუ ძალიან მოკლე პერიოდში [პროცესი] დაიბომბა ახალი პოსტულატებით, რომელთაც შექმნეს შეგრძნება, რომ სომხური მხარე უბრალოდ ტოვებს საგნობრივ მოლაპარაკებებს“.

რობერტ ქოჩარიანი, რომელსაც არ აქვს საკუთარი პარტია, ასევე, აცხადებს, რომ სომხეთის ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 2-3 პარტიასთან საარჩევნო ბლოკში. არჩევნები პრემიერ-მინისტრ ფაშინიანმა დანიშნა ომში მარცხის შემდეგ, სომხეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG