Accessibility links

site logo site logo

გასართობი და ვაჭრობის ფეისბუკ გვერდები „ქართული მარშის“ სამსახურში


Facebook-მა წაშალა 60-მდე ფეისბუკ გვერდი, ჯგუფი და ანგარიში, რომლებიც შენიღბული იყო როგორც გასართობი და ვაჭრობის პლატფორმები. სინამდვილეში კი ისინი ავრცელებდნენ ულტრანაციონალისტური პარტია „ქართული მარშის“ კონტენტს - რომლის რეკლამაშიც 1000 აშშ დოლარი დახარჯეს - და მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კრიტიკას. ამავე ქსელს ჰქონდა რამდენიმე გაფრთხილება სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ფეისბუკის სტანდარტების დარღვევის გამო.

23 ანგარიშის, 24 გვერდის, 12 ჯგუფისა და 11 ინსტაგრამის ანგარიშისგან შემდგარი ქსელი ფეისბუკმა აღმოაჩინა „ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის“ (DFRLab) მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

  • უფრო ზუსტად, რომელი პლატფორმები წაიშალა?
  • რა შინაარსის პოსტებს ავრცელებდნენ ისინი?
  • რა კავშირია წაშლილ ქსელსა და PosTV-ს შორის?

ფეისბუკის ინფორმაციით, არაავთენტურ ქსელს ოპერირება ახალი დაწყებული ჰქონდა, თუმცა 100 ათასზე მეტი ანგარიშის აუდიტორია ჰყავდა.

„კოორდინირებული არაავთენტური ქცევა“ საჯარო დებატების მანიპულაციის კოორდინირებული მცდელობაა, რომლის დროსაც აქტიურად გამოიყენებენ ყალბ ანგარიშებს. ამგვარი ქსელის აღმოჩენის შემთხვევაში კი შლიან არა მხოლოდ ყალბ, არამედ რეალურ ანგარიშებსაც, რომლებიც ჩართული იქნება დეზინფორმაციის კამპანიაში.

DFRLab-ის ცნობით, წაიშალა თავად „ქართული მარშის“ რამდენიმე ოფიციალური გვერდი და პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი შიხიაშვილის ნაკლებად აქტიური გვერდი.

„მარშის“ ოფიციალურმა გვერდმა დაასპონსორა რამდენიმე პოსტი დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, გზავნილით „დავით-გარეჯი საქართველოა“.

წაშლილ ქსელში მოხვდა ორი კარგად ცნობილი ულტრამემარჯვენე გვერდი, „წინააღმდეგობა • Resistance“ და „გათბობის სისტემები - ბეგიო“, რომელსაც მანამდე ერქვა „რუხი კარდინალი“.

კიდევ ერთი წაშლილი გვერდი, „მარში ტვ“ შეიქმნა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ. DFRLab-ის გამოძიების თანახმად, გვერდი აზიარებდა კონტენტს „ქართული მარშის“ ოფიციალური გვერდიდან და ასევე მართავდა ორ საზოგადოებრივ ჯგუფს - „საგიჟეთი, ღამურები, შერეკილები“ და „ყიდვა გაყიდვა საქართველოში“.

DFRLab-ის ცნობით, წაშლილი ანგარიშებიდან ცხრა იყენებდა მოპარულ პროფილის ფოტოებს. ორი ანგარიში კი ღიად მიუთითებდა, რომ ისინი მუშაობდნენ „ქართული მარშის“ პიარ მენეჯერებად. ანგარიშები ერთობლივად აზიარებდნენ „ქართულ მარშთან“ დაკავშირებულ კონტენტს პარტიასთან აფილირებულ ჯგუფებში.

ქსელის 12 ფეისბუკ ჯგუფიდან რამდენიმე დახურული იყო და საერთო ჯამში აერთიანებდა დაახლოებით 10 500 ანგარიშს. გვერდების მსგავსად, მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავდათ ჯგუფებსაც, თითქოს ისინი ფოკუსირებული იყვნენ აპოლიტიკურ თემებზე. ამ დროს კი „ქართული მარშის“ პოლიტიკური შინაარსის კონტენტს ავრცელებდნენ. 12 ჯგუფიდან მხოლოდ ორი იდენტიფიცირდებოდა ღიად „მარშის“ მხარდამჭერად.

ჯგუფში „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერთა ჯგუფი” აძლიერებენ ნეგატიურ განწყობებს თურქეთის მიმართ.

წაშლილ ქსელში მოყოლილი ერთ-ერთი ჯგუფი „შავი ღრუბელი“ შეიქმნა სპეციალურად ხალხის მობილიზაციისთვის და ისინი ერთობლივად არეპორტებდნენ ფეისბუქ გვერდებს, რომლებსაც კულტურულად ლიბერალური ღირებულებები აქვთ.

Facebook-მა, ასევე, წაშალა ფოტოგრაფთან და ვიდეო ბლოგერთან, ჯორჯ თორელთან დაკავშირებული გვერდები. მათ შეცდომაში შეჰყავდათ მომხმარებელი, თითქოს ონალინ გაყიდვებზე, მარკეტინგზე, მოგზაურობასა თუ ფოტოგრაფიაზე იყვნენ ორიენტირებული. სინამდვილეში კი, კოორდინირებულად ავრცელებდნენ ქართული მარშის და PosTV-ს კონტენტს. არხის კონტენტს სხვადასხვა ანგარიშებიც აზიარებდნენ ანტი-ლიბერალურ ჯგუფებში.

„მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ მისი პარტიის ეშინიათ და ფეისბუკის წმენდას „მსოფლიოს სატანისტურ ძალებს“ უკავშირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG