Accessibility links

site logo site logo

ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულების აფხაზეთში გადასვენება დაიწყო


ენგურის ხიდი

მდინარე ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპული 30 წლის თამუნა ცატავას ცხედარი ზუგდიდიდან გადაასვენეს ოკუპირებულ აფხაზეთში. თამუნა ცატავა სოფელ წარჩეს მკვიდრი იყო. გარდაცვლილის ნათესავებმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ გადასვენება წუხელ მოხდა ენგურის ხიდის გავლით.

ამავე გზით, ზუგდიდიდან გალის რაიონში, სოფელ ჭუბურხინჯში დღეს გადაასვენებენ 62 წლის თამაზ ბასლანძეს. კიდევ ორ დაღუპულს, ცოლ-ქმარ მაყვალა გამისონიას და ელგუჯა გვალიას ცხედრებს სოფელ წარჩეში ხვალ გადაასვენებენ. ამჟამად ცხედრები ზუგდიდში, ნათესავის სახლშია დასვენებული.

მაშველებმა მდინარე ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანის ცხედარი 7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან იპოვეს. ისინი მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. საქართველოს მთავრობამ ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთს და მის საოკუპაციო რეჟიმს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება რეგიონის მცხოვრებთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას სპეციალური „საშვით“ აძლევს მხოლოდ ენგურის ხიდთან მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. ე.წ. საზღვრის სხვა მონაკვეთები დაკეტილია.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და უკან დაბრუნებასაც უკვე წლებია, პერიოდულად, მალულად ცდილობენ მდინარე ენგურის გავლით. მსგავსი მცდელობა ტრაგედიით არაერთხელ დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG