Accessibility links

site logo site logo

ყირგიზეთში პროტესტი მოჰყვა "პატარძლის" და მისი გამტაცებლის გვამების აღმოჩენას


ყირგიზეთში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო მას შემდეგ, რაც ორდღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს ახალგაზრდა ქალის და მისი სავარაუდო გამტაცებლის გვამები - რითიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქვეყანაში კვლავ გრძელდება პატარძლების მოტაცების ოფიციალურად აკრძალული პრაქტიკა.

ერთ-ერთ გვამს, რომელიც ჩუის რეგიონში, მოშორებით მდებარე მინდორში, მანქანაში აღმოაჩინეს, დახრჩობის კვალი ეტყობოდა, მეორეს დანით ჰქონდა მიყენებული ჭრილობები. პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს მკვლელობა და შემდეგ თვითმკვლელობა იყო.

სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები და სხვა ძალები გამოდიან მოწოდებით ხელისუფლებამ და საზოგადოებამ სიმკაცრით უპასუხონ მოტაცების პრაქტიკას.

8 აპრილს რამდენიმე ქალაქში გაიმართა აქციები, მათ შორის დედაქალაქ ბიშკეკში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ და ქალაქ ოშში, პოლიციის განყოფილებასთან. ბევრი დემონსტრანტი მოითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის, ულან ნიაზბეკოვის გადადგომას.

პოლიციის განცხადებით, მანქანა, რომელსაც ეძებდნენ მას შემდეგ, რაც 27 წლის აიზადა კანატბეკოვა 5 აპრილს, ბიშკეკში, რამდენიმე ადამიანის თვალწინ გაიტაცეს, მწყემსმა იპოვნა.

ყირგიზეთში ყოველწიურად ქალების გატაცების ათასობით შემთხვევა ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრაქტიკა 2013 წელს სისხლის სამართლებრივად აიკრძალა. აქტივისტების თქმით, ამ პრაქტიკას ხშირად მოაქვს გაუპატიურება ქორწინებაში, ძალადობა ოჯახში და სხვა ტრავმები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG