Accessibility links

site logo site logo

ნაზი ჯანეზაშვილი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნა დაგვიანებულია


ნაზი ჯანეზაშვილი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნას დაგვიანებულად მიიჩნევს, რადგან კანონი უკვე ძალაშია შესული და მასზე დაყრდნობით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის ახალი კონკსურსანტების მხრიდან დამატებითი განაცხადების მიღება დაიწყო. მისი შეფასებით, რადგან პარტნიორები სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობაზე ღიად საუბრობენ, ვენეციის კომისიას კანონის მიმართ დღევანდელობის შესაბამისი რეკომენდაციები ექნება.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რაზეც აპელირებენ, პირველი დასკვნა დაიდო 2019-ში და შემდგომ უკვე 2020-ში. დღეს არის 2021 წელი. რეალობა იცვლება, ბევრი რაღაცა იცვლება. მაშინ 2019 წელს ასე ინტენსიურად საერთაშორისო პარტნიორები კლანზე არ საუბრობდნენ, მაგრამ დღეს საუბრობენ. რეალობა ამას გულისხმობს. სააშკარაოზე ბევრი რამ გამოდის და იცვლება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დღეს რომ გააგზავნეს მიღებული კანონი ჯერ ერთი რომ დაგვიანებულია, მერე მეორე, მე დარწმუნებული ვარ მათი მხრიდან იქნება ცოტა უფრო სხვაგვარი მიდგომა, რადგან დღეს არის 2021 წელი და სხვანაირი რეალობა“, - უთხრა ნაზი ჯანეზაშვილმა რადიო თავისუფლებას. მისი თქმით, კანონში, რომელშიც ცვლილებები განხორციელდა, მაინც არის დატოვებული სივრცეები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ სასამართლო კლანს საშუალებას აძლევს მიიღოს სასურველი გადაწყვეტილებები.

„რამდენიმე ხნის წინ ვაცხადებდი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს. ანუ მე ვსაუბრობ იმ პროცესზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო 2020 წლის ოქტომბერში. საქართველოს პარლამენტმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ უკვე დაწყებულ პროცესზე, როდესაც უკვე კონკურსის შუაში ვართ მისულები, როცა უკვე გასაუბრების დიდი ნაწილი დასრულებულია, შეიტანოს ცვლილებები კანონმდებლობაში ისე, რომ არ შეაჩეროს მიმდინარე კონკურსი. მეორე, საქართველოს პარლამენტმა არა თუ არ შეაჩერა ეს პროცესი, არამედ შუაზე გაჩეხა, რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ კანონში შეიტანა ცვლილება და მიმდინარე კონკურსში გააჩინა შესაძლებლობა, რომ საბჭომ მიიღოს დამატებითი განაცხადები ახალი კონკურსანტების მხრიდან“, - უთხრა ნაზი ჯანეზაშვილმა რადიო თავისუფლებას.

8 აპრილს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონი პარლამენტმა საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნა. მანამდე ამისთვის მზადყოფნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ პოსტში გამოხატა, ცვლილებების ნაჩქარევად შეტანასთან დაკავშირებით ევროკავშირის კრიტიკის პასუხად. პოსტში პარლამენტის თავმჯდომარე წერდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებაში ვენეციის კომისიის 3 რეკომენდაცია აისახა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან კანონის ახალი რეგულაციების თანხვედრა უმარტივესი დასადგენია, პარლამენტი მზადაა მხედველობაში მიიღოს პარტნიორების მოწოდება და კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს.

კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევას ეხება, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და ერთხმად (86 ხმით) მიიღო 1 აპრილს.

საკანონმდებლო ცვლილებებს 7 აპრილს ევროკავშირი გამოეხმაურა. განცხადებაში, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის პრესსპიკერმა ნაბილა მასრალიმ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ იმედგაცრუებას იწვევს საქართველოს პარლამენტის მიერ ცვლილებების მიღება ნაჩქარევად, კონსულტაციების ფართო პროცესის გარეშე.

„დასანანია, რომ საქართველომ ეს კანონმდებლობა წინათ უკვე შეცვალა დაჩქარებული პროცესით, ვენეციის კომისიისადმი დროული განაცხადის გაკეთების ან მისი საბოლოო აზრისთვის დაცდის გარეშე.

ამიტომ ევროპის კავშირი დაბეჯითებით ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად მოსთხოვოს ვენეციის კომისიას იმის შეფასება, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები, მის წინა რეკომენდაციებს. ახალი წესები, მას შემდეგ, რაც მათ ვენეციის კომისია დაამტკიცებს, ერთნაირად უნდა გამოიყენებოდეს ყველა კანდიდატის მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის პირობა საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფისთვის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG