Accessibility links

site logo site logo

გია გაჩეჩილაძე აქციას მართავს


გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" ორგანიზებით თბილისში "ევროპის მოედანზე" აქციას მიმდინარეობს. მასზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი.

გაჩეჩილაძე თავის აქციას საქართველოს პატრიარქს, ილია მეორე უკავშირებს. ის ამბობდა, რომ მადლობა უნდა გადაუხადოს პატრიარქს გამძლეობისთვის, მოთმინებისთვის, რასაც "საერთოდ ითმენს ეს ღირსეული ადამიანი ამ ქვეყანაში". სწორედ მის მიმართ "მადლობით" დაიწყო მან თავისი აქცია.

საპატრიარქოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეს დამოუკიდებელი აქციაა და მათთან კავშირი არ აქვს, შესაბამისად, უჭირთ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება.

"დამოუკიდებლად აკეთებს... ჩვენი პოზიცია რანაირი უნდა იყოს, ადამიანი აკეთებს აქციას... სხვა აქციებზე რატო არ გვეკითხებით... [უშუალოდ პატრიარქზე საუბარს] რა უჭირს... არ მაქვს არანაირი კომენტარი, ძალიან ხელოვნური იქნება, რაღაცა უნდა მოვიფიქრო, არ მაქვს არანაირი კომენტარი", - განაცხადა საპატრიარქოს პრესსპიკერმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

გაჩეჩილაძემ გუშინ, "რუსთავი 2"-ის ეთერში თქვა, რომ აქციის ერთ-ერთი მიზანია, "პოლიტიკური ნაგავი" გაიტანოს "ქართულმა ოცნებამ".

"ხვალინდელი დღე არის დასაწყისი დასასრულის ამ ყველაფერის, რაც ახლა ხდება. ამ სტუდიიდან, სადაც ახლა მე ვზივარ, ვაპირებ ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებას საზოგადოებასთან ერთად, ინტერაქტივებით და ა.შ. რომ გავათრიოთ, თუ მათ არ შეუძლიათ, ეს ნაგავი საზოგადოებამ გაათრიოს ამ ქვეყნიდან, პოლიტიკურ ნაგავზე მაქვს ლაპარაკი", - თქვა მან.

გია გაჩეჩილაძე წლების წინ ოპოზიციური აქციების ერთ-ერთ მთავარი ორგანიზატორი იყო და მაღალი პოპულარობითაც სარგებლობდა. ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი აქცია 2008 წელს "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გაიმართა. გაჩეჩილაძემ ეს აქცია რამდენიმე თვის წინ გაიხსენა:

"მომინახეს მეგობარი, რომელმაც ძალიან მთხოვა, რომ ავსულიყავი შავნაბადაზე სააკაშვილთან შესახვედრად. ავედით სააკაშვილთან მე და ბიძინა გეგიძე. რო ავედით, ისხდნენ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა და ა.შ. მთხოვდა, რა გავაკეთო, ოღონდ, ახლა შენ გაჩერდიო, პირდაპირ სიტყვებს გეუბნები, მეტს აღარ ვიზამო, რაც მოხდა, მასეთი აღარ ვიქნებიო. მე ვუთხარი, არ გიჯერებ-მეთქი, მომეცი მთელ საქართველოზე სიხშირე-მეთქი, ტელევიზია გამაკეთებინე-მეთქი და კი, ბატონოო, წაიღეო, როგორც კი ეს ამბავი [დასრულდებაო]. უბრალოდ, კენია ხო არ ვართო, მილიონი სტუმარი ჩამოდის ინაუგურაციაზეო, ავტეხოთ ახლა სისხლისღვრა, ხო იცი, შეგვიძლიაო და ისეო, რომ თან არავინ გააშუქებსო. კარგი, მომეცი-მეთქი [სიხშირე], სხვა რა გზა მქონდა. გამორიცხული იყო, რომ ის ხალხი სისხლის ღვრაზე წამეყვანა და წაგვეყვანა... ინაუგურაცია ჩაატარა თუ არა, გადამაგდო მეორე დღესვე", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG