Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ ხდება პარტიის ფუნდამენტურად განახლება“ - დავით ბაქრაძე ტოვებს „ევროპულ საქართველოს“


„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უარს ამბობს პარტიის წევრობაზე. ის ფეისბუკზე განმარტავს მიზეზებს, რატომ არ ესწრება ყრილობას, სადაც ახალი ხელმძღვანელობა უნდა აირჩიონ.

„რადგან არ ხდება პარტიის ფუნდამენტურად განახლება - რაშიც მზად ვიყავი, თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ, უკვე რიგითი წევრის სტატუსით დავხმარებოდი პარტიას - მივიღე გადაწყვეტილება, თავმჯდომარეობასთან ერთად უარი ვთქვა პარტიის წევრობაზეც“, - წერს ის.

ბაქრაძე განმარტავს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული შედეგი, ძალიან შორს იდგა სასურველისგან. მისივე განცხადებით, ხმების მნიშვნელოვანი კლება და დიდ ქალაქებში ნაჩვენები უკიდურესად ცუდი შედეგი მკაფიო ნიშანია, რომ პარტია საჭიროებს ფუნდამენტურ სიახლეებს და რეფორმებს, მათ შორის, ლიდერების გუნდის მთლიან განახლებას, ახალი სახეების წინ წამოწევას და სხვა პარტიებთან ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციებში ჩართვას.

„სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, აღარ დავრჩენილიყავი თავმჯდომარის თანამდებობაზე და ამით გზა გამეხსნა პარტიაში ახალი ლიდერების დამკვიდრებისთვის. ანალოგიური პოზიცია აქვთ გიგი უგულავას და ლიდერების გუნდის მნიშვნელოვან ნაწილსაც. განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა გიგა ბოკერიას, რომელმაც ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო მისი დარჩენა პარტიულ თანამდებობაზე. პატივს ვცემ გიგას აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს“.

ბაქრაძის აზრით, 10 აპრილის ყრილობაზე წარმოდგენილი ლიდერების შემადგენლობით ძალიან რთული იქნება, პარტიამ მოახერხოს ამომრჩევლის და პოტენციური კოალიციური პარტნიორების დარწმუნება განახლებაში, ახალ ხედვებში და უკეთეს სამომავლო პერსპექტივაში.

ამიტომ, დავით ბაქრაძე სრულად ტოვებს პარტიას. ამბობს, რომ იღებს „პარტიულ პაუზას“ მაგრამ რჩება პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG