Accessibility links

site logo site logo

საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს, თითქმის ერთი წლის შემდეგ


თეიმურაზ შარაშენიძე

საქართველო უახლოეს მომავალში დააბრუნებს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს უკრაინაში, რომლის აღმოსავლეთით, რუსეთთან საზღვარზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.

„ახლა იმის დრო არ არის, რომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც უკრაინის გარშემო ასე იძაბება სიტუაცია, ჩვენ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე. ამიტომ, უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით“, - ეუბნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსთავი 2-ს.

საგარეო უწყების გადაწყვეტილება მოჰყვა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლას 9 აპრილს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინას დღეს რუსეთთან ბრძოლაში სოლიდარობა სჭირდება და ელჩის კვლავ კიევში გაგზავნა სწორედ სოლიდარობის გამოცხადება იქნება.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთი სამხედრო სწავლების, „დასავლეთი 2021“ საბაბით ახდენს უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ძალების მობილიზაციას და მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს. უკრაინას მხარდაჭერა უცხადებენ აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები და NATO.

„პროცესები ძალიან გვაღელვებს, რადგან უკრაინის გარშემო შემქნილი სიტუაცია ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს ევროპულ უსაფრთხოებას. უკრაინის ოკუპაცია პირდაპირ კავშირშია, ასევე, ჩვენთან მიმდინარე ოკუპაციასთან“, - აცხადებს დავით ზალკალიანი და განაგრძობს: „ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს. ძალიან დაზარალდა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვართ და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ“.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი უკრაინიდან კონსულტაციისთვის გამოიძახა 2020 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნა რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG