Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრინც ფილიპეს 17 აპრილს დაკრძალავენ


პრინც ფილიფეს 17 აპრილს მიაბარებენ მიწას. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლემ გამოაცხადა.

დღეს მთელს ბრიტანეთში, გიბრალტარში, ასევე ზღვაში მყოფი სამხედრო გემებიდან საარტილერიო გასროლებით მიაგეს პატივი პრინც ფილიპეს ხსოვნას.

საარტილერიო სალუტი ლონდონის დროით შუადღეზე დაიწყო და 40 წუთზე მეტ ხანს გრძელდებოდა. გაისმოდა წუთში ერთი ზათქი, სულ 41-ჯერ გაისროლეს. გამოიყენებოდა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხები. ამ ქვემეხებიდანვე ისროდნენ 1947 წელს, როცა აღინიშნა პრინც ფილიპეს დაქორწინება, შემდეგ კი - დედოფალ ელისაბედ II-ის კორონაცია.

სალუტებს შეუერთდნენ სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები. მეორე მსოფლიო ომში პრინცი ფილიპე ფლოტში მსახურობდა, 2011 წლიდან კი ლორდ-ადმირალის თანამდებობა ეკავა.

აქამდე ასეთი ცერემონია ორჯერ გაიმართა: 1901 წელს, დედოფალ ვიქტორიას გარდაცვალების შემდეგ და 1965 წელს, უინსტონ ჩერჩილის გარდაცვალების შემდეგ.

პანდემიის გამო დაკრძალვის ცერემონიაში ცვლილებებს შეიტანენ. ჰერცოგის ნების თანახმად, დაკრძალვამდე არ შედგება საჯარო გამოთხოვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG