2014 წელს დონბასის თავზე „მალაიზიის ავიახაზების“ Boeing-ის (რეისი MH-17) კატასტროფასთან დაკავშირებული საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ეჭვმიტანილმა, სერგეი დუბინსკიმ თვითმფრინავის ჩამოგდებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში არ იცოდა მომხდარის შესახებ. ამას ნიდერლანდის ტელერადიოკომპანია NOS-ი იტყობინება მოსმენილ სატელეფონო საუბრებზე დაყრდნობით.
დუბინსკი თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ თავდაცვის მინისტრის, იგორ სტრელკოვ-გირკინის მოადგილე იყო. გამოძიების ფარგლებში შეისწავლეს დუბინსკის ათასობით სატელეფონო საუბარი ლაინერის კატასტროფამდე, მის დროს და მის შემდეგ, - წერს NOS-ი. როგორც იტყობინებიან, ეს საუბრები უკრაინის სპეცსამსახურებმა ჩაიჭირეს. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა ათზე მეტი საუბარი გამოაქვეყნა.
გამოუქვეყნებელი საუბრების ანალიზი საშუალებას იძლევა, ითქვას, რომ დონბასელ სეპარატისტებზე რუსეთის გავლენა 2014 წლის დასაწყისიდან იზრდებოდა, წერს NOS-ი.
ავიაკატასტროფის დღეს, 17 ივლისს, დუბინსკი იტყობინებოდა, რომ პირდაპირი კავშირი აქვს მოსკოვთან, წერს NOS-ი. ჟურნალისტების მონაცემებით, მისი მეთაური - იგორ-სტრელკოვ-გირკინი - რუსეთის მხარესთან „უმაღლეს დონეზე“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ჩანაწერებში ისმის, რომ დუბინსკი იმავე დღეს ლაპარაკობს სარაკეტო დანადგარ „ბუკზე“. გამოძიების თანახმად, სამგზავრო თვითმფრინავი სწორედ „ბუკის“ რაკეტით იქნა ჩამოგდებული. დუბინსკის სიტყვებით, იარაღი აუცილებელი გახდა ქალაქ მარინოვკის რაიონში უკრაინის არმიის გამანადგურებლების იერიშების მოსაგერიებლად.
Boeing-ის კატასტროფიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დუბინსკიმ სეპარატისტებისგან გაიგო, რომ მათ უკრაინის გამანადგურებელი ჩამოაგდეს. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს თითქმის ორი საათი დასჭირდა იმის გასარკვევად, რომ იმავე დროს ჩამოაგდეს სამგზავრო თვითმფრინავი. დუბინსკიმ ვითარების გარკვევა მოითხოვა. თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ Boeing-ი ჩამოაგდო უკრაინის სამხედრო თვითმფრინავმა, ამის შემდეგ კი სეპარატისტებმა ჩამოაგდეს გამანადგურებელი.
ვერსია, რომ ლაინერი უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა ჩამოაგდო, საფუძვლად დაედო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოზიციას. ამასთან, ნიდერლანდის უშიშროების საბჭო ამტკიცებს, რომ MH-17-ის მახლობლად არ ყოფილა სხვა თვითმფრინავები. მოგვიანებით რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ Boeing-ი მართლაც „ბუკით“ ჩამოაგდეს, მაგრამ უფრო ძველი მოდიფიკაციის რაკეტით და რომ ისინი რუსეთის შეიარაღებიდან 2011 წელს მოიხსნა, მაგრამ მოიპოვება უკრაინის არმიის შეიარაღებაში. საერთაშორისო გამოძიებამ ეს ვერსია უკუაგდო. დუბინსკის სატელეფონო საუბრებში არაა ლაპარაკი სარაკეტო კომპლექსის კუთვნილების შესახებ.
NOS-ის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ იმ ფაქტს, რომ დუბინსკიმ და მისმა თანამოაზრეებმა არ იცოდნენ, რა სამიზნეს ესროლეს რაკეტა, მნიშვნელობა არა აქვს ბრალდებისთვის.
Boeing-ის კატასტროფის შედეგად 2014 წლის 17 ივლისს დაიღუპა მასში მყოფი 298-ვე ადამიანი. მათი უმრავლესობა ნიდერლანდის მოქალაქეები იყო. ბრალდება წაუყენეს ოთხ ადამიანს, რომლებიც უკრაინელ სეპარატისტებთან არიან დაკავშირებული. სამი მათგანი რუსეთის მოქალაქეა, ერთი - უკრაინისა. ნიდერლანდში 2020 წლის მარტში დაიწყო სასამართლო. ოთხივე უარყოფს ბრალდებებს. სასამართლოში არცერთი მათგანი არ გამოცხადებულა.
გამოძიება დამტკიცებულად მიიჩნევს, რომ თვითმფრინავი რუსეთის კუთვნილი სარაკეტო დანადგარიდან გაშვებული რაკეტით ჩამოაგდეს. ჯერჯერობით არ არის დადგენილი, ვინ გასცა თვითმფრინავისთვის სროლის ბრძანება, ასევე სამგზავრო თვითმფრინავს განზრახ ესროლეს თუ ის შეცდომით ჩამოაგდეს.
რუსეთის ხელისუფლება უარყოფს რაიმე კავშირს „მალაიზიის ავიახაზების“ Boeing-ის კატასტროფასთან.