Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი: ნათანზის ბირთვულ რეაქტორში ტექნიკური პრობლემები გაჩნდა ახალი ცენტრიფუგების ამუშავების შემდეგ


11 აპრილს ირანში, ნათანზის ბირთვულ რეაქტორში, ტექნიკური პრობლემები გაჩნდა მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე თეირანმა აამოქმედა ახალი ტიპის ცენტრიფუგები, რომლებიც უფრო სწრაფად ამდიდრებს ურანს. ინციდენტი მოხდა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმებისთვის კვლავ სულის შთაბერვის მცდელობის ფონზე.

„ინციდენტს არ მოჰყოლია მსხვერპლი ან გარემოს დაბინძურება“, განაცხადა ირანის ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბეჰროუზ კამალვანდიმ და დასძინა, რომ „ნათანზის ობიექტზე პრობლემა შეექმნა ელექტრომომარაგებას“.

შარშან ნათანზის რეაქტორში გაჩნდა ხანძარი, რომელიც, მთავრობის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამის საბოტაჟის მცდელობის შედეგი იყო.

ნათანზის მიწისქვეშა ბირთვული რეაქტორი ირანის მიერ ურანის გამდიდრების პროგრამის საკვანძო მნიშვნელობის ობიექტია და მას გაეროს უწყების - ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს - ინსპექტორები უწევენ მონიტორინგს.

გამოითქმის ეჭვი, რომ ნათანზში თავდასხმა განახორციელა ისრაელმა, რეგიონში ირანის მთავარმა მოწინააღმდეგემ. მას მიაწერენ ასევე რამდენიმე სხვა თავდასხმას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG