Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგლისში პანდემიასთან დაკავშირებულ აკრძალვებს ამსუბუქებენ


ინგლისმა მორიგი ნაბიჯი გადადგა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული აკრძალვების შემსუბუქების გზაზე მას შემდეგ, რაც ინფექციამ უკუსვლა იწყო და ზრდასრული მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა COVID-19-ის ვაქცინის პირველი დოზა მიიღო.

12 აპრილიდან კვლავ შეიძლება გაიხსნას ყველა მაღაზია, საპარიკმახეროები, ერთი და იმავე ოჯახის წევრებს შეუძლიათ ინგლისის ფარგლებში წავიდნენ არდადეგებზე და გაჩერდნენ ობიექტებში, სადაც თავად იზრუნებენ კვებაზე. შეიძლება გაიხსნას ფიტნესკლუბები, საცურაო აუზები, ბიბლიოთეკები და ზოოპარკები.

მას შემდეგ, რაც რესტორნებისა და ბარებისთვის ნებადართულია კლიენტების გარეთ მომსახურება, პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ლუდხანის ბაღში აპირებს ამის აღნიშვნას კათხა ლუდით. მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება არის „ჩვენს სამოქმედო გეგმაში დიდი ნაბიჯი თავისუფლებისკენ“, მაგრამ ამავე დროს მან მოსახლეობას სიფრთხილისა და „პასუხისმგებლობით მოქცევისკენ“ მოუწოდა.

იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელებას აღუდგნენ წინ, აქცენტი კეთდება აკრძალვების შემსუბუქებაზე შენობების გარეთ საქმიანობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრულთა 60%-ზე მეტია აცრილი ვაქცინების მინიმუმ ერთი დოზით, ბრიტანეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ხალხს აფრთხილებენ, რომ მაინც არის ინფექციის ახალი ტალღის საფრთხე, როგორც ეს კონტინენტურ ევროპაში მოხდა.

მთავრობას აკრძალვების მორიგი შემსუბუქება 17 მაისისთვის აქვს დაგეგმილი ინფექციის სტატისტიკის შესაბამისად.

შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთი ირლანდია საკუთარ პოლიტიკას ატარებენ ჯანდაცვის სფეროში და უფრო მცირე მასშტაბით ამსუბუქებენ აკრძალვებს.

XS
SM
MD
LG