Accessibility links

site logo site logo

ENKA: ტერიტორია ნამოხვანში, სადაც კარვები იდგა, ჩვენი საკუთრებაა 2019 წლიდან


"ლალი ეფრემიძის საკუთრებად წოდებული მიწა, სადაც ამ დრომდე განთავსებული იყო კარვები, არის ნამახვანჰესის პროექტის საკუთრება 2019 წლიდან", - წერია განცხადებაში, რომელსაც კომპანია "ენკა" ავრცელებს. ტერიტორია, სადაც "რიონის ხეობის მცველებს" კარვები ჰქონდათ გაშლილი რამდენიმე თვის განმავლობაში, სადავო ადგილია - ადგილობრივი ლალი ეფრემიძე ამბობს, რომ ეს ადგილი მას ეკუთვნის და კომპანია "ენკას" არ მიჰყიდის, თუმცა ვერც ირეგისტრირებს საჯარო რეესტრში. კომპანიამ კი გაასაჯაროვა დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ლალი ეფრემაძის ოჯახის წევრს კომპენსაცია აქვს მიღებული ამ მიწის სანაცვლოდ, როგორც ფაქტობრივ მოსარგებლეს. ენკას მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტაციაში არის ერთი საგულისხმო დეტალი - თავად ლალი ეფრემაძე ამბობს, რომ მის საკუთრებაში არსებული ტერიტორია დაახლოებით 3000 კვადრატული მეტრია, კომპანიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტაციაში კი გაცილებით დიდ მიწის ფართობზეა [ 161 399 მ2] საუბარი.

"კომპანიამ, სს ნამახვანის ქონების გამოსყიდვის ფარგლებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 29.03.31.129) საკუთრების უფლება მოიპოვა. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა აღნიშნული მიწის ფაქტობრივი მოსარგებლე, ლალი ეფრემიძის დისშვილი შორენა ეფრემიძე (დადასტურებულია მოწმეთა წერილობითი ჩვენებით), რომელიც ზემოთაღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. მიუხედავად საკუთრებისა, „ენკამ“ საჭიროდ ჩათვალა მაინც გადაეხადა მისთვის კომპენსაცია.

2020 წლის 3 სექტემბერს კომპანიასა და შორენა ეფრემიძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გაფორმდა შესაბამისი სარგებლობის შეწყვეტის ხელშეკრულება და გადახდილ იქნა საამისოდ გათვალისწინებული კომპენსაცია - კერძოდ, 70,171 ლარი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სადავო ტერიტორიაზე, რომელსაც ადგილობრივები ლალი ეფრემიძის საკუთრებად მიიჩნევენ, პროტესტის მონაწილეთა კარვები სწორედ იმიტომ იდგა, რომ ის გაუსხვისებელ ტერიტორიად აღიქმებოდა. მას შემდეგ, რაც 11 აპრილს საპოლიციო ძალის გამოყენებით კარვები დაშალეს, "რიონის ხეობის მცველთა" ნაწილმა სოფელ გუმათში მდებარე კარავში გადაინაცვლა, კომპანია "ენკას" ტრაქტორებმა კი ტერიტორიის დამუშავება დაიწყეს, რასაც ადგილობრივების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

„რომ ნახოთ, გული დაგეწვებათ. გორებია, მიზანმიმართულად გადაბრუნებულია მიწა, რომ ადამიანმა ფეხი ვერ დადგას და ვერ გაჩერდეს”, – ჰყვებოდა ფეისბუკზე პირდაპირ ჩართვაში ადგილობრივი აქტივისტი, ნუგზარ გოდოლაძე.

"კარვების დარბევა ვანდალურად მოხდა, დაგვიჭრეს, გააფუჭეს ჩვენი ინვენტარი და, როგორც ვიცით, პოლიციის შენობასთან ყრია. წაღებულია, დაბრუნებული არ არის და, რაც მთავარია, ის ადგილი, სადაც კარვები იდგა, ტრაქტორით გადახნეს. ამ მიწის მეპატრონე, ლალი ეფრემიძე, ვინც არის, ზის და ტირის - ამ მიწას ოჯახი ამუშავებდა და სარჩო-საბადებელს იღებდა აქედან, მთლიანად გადააბრუნა ტრაქტორმა. გულწრფელად მიკვირს, როგორ ფიქრობენ, რომ ამ პროტესტს ასე რეპრესიულად ჩაახშობენ", - უთხრა რადიო თავისუფლებას "რიონის ხეობის მცველმა", ვარლამ გოლეთიანმა.

"ამ ხნის განმავლობაში, კომპანია თავს იკავებდა აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებისგან, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და ასევე ამ თემაზე სპეკულაციის დასრულების მიზნით, საჭიროდ მიიჩნია მოსახლეებისთვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა" - წერს კომპანია "ენკა" განცხადებაში.

სამართალდამცველები კარვების აღების შემდეგაც დგანან სადავო ტერიტორიასთან
სამართალდამცველები კარვების აღების შემდეგაც დგანან სადავო ტერიტორიასთან

სოფელ გუმათში დღის 4 საათისთვის საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ხეობაში პოლიცია ამ დრომდე ზღუდავს გადაადგილებას. ადგილზე იმყოფება სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ვითარებას აკვირდება. პარალელურად, მაშველები ორი დღის წინ მდინარეში გაუჩინარებულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ, კომპანია "ენკა" კი სამუშაოებს აგრძელებს. "რიონის ხეობის მცველები" ამბობენ, რომ მათ მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეთ ნამოხვანში. მათი სურვილის გათვალისწინებით გაუქმდა სოლიდარობის აქცია თბილისში, რომელიც ასევე დღეს, დღის 4 საათზე იყო დაგეგმილი.

სოფელ გუმათთან პოლიცია აკონტროლებს და ზღუდავს მოქალაქეების გადაადგილებას
სოფელ გუმათთან პოლიცია აკონტროლებს და ზღუდავს მოქალაქეების გადაადგილებას

სოფელ ნამოხვანში პოლიციამ კვირას საღამოს რიონის ხეობის დამცველების კარვები დაშალა. შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის გამო, რომ მდინარე რიონში წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება.

რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ და სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG