Accessibility links

site logo site logo

ბირმაში (მიანმარი) ახალი ბრალდება წაუყენეს დამხობილ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის


ბირმაში (მიანმარი) ახალი სისხლისსამართლებრივი ბრალდება წაუყენეს დამხობილ სამოქალაქო ლიდერს, აუნ სან სუ ჩის - რომელიც თავის ადვოკატებთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირაა მათთან ურთიერთობას მხოლოდ ვიდეოკავშირით ამყარებს, უსაფრთხოების ძალების თანდასწრებით.

12 აპრილს გამოცხადებული ბრალდება მეექვსეა, რომელიც ნობელის პრემიის 75 წლის ლაურეატს წაუყენეს. აუნ სან სუ ჩი საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც ის 1 თებერვალს, გამთენიისას, სამხედრო გადატრიალების შემდეგ დააკავეს.

"სუ ჩის ბრალი წარედგინა ბუნებრივ კატასტროფებთან გამკლავების შესახებ კანონის 25-ე ნაწილის შესაბამისად", - აცხადებს მისი ადვოკატი, რომლის სიტყვებსაც სააგენტო ფრანს-პრესი ავრცელებს.

ბირმაში (მიანმარი) მღელვარებაა მას შემდეგ, რაც სამხედრო გადატრიალებით დაამხეს სუ ჩის არჩეული ხელისუფლება, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები და მზარდი ძალადობა. უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტებს რეზინის ტყვიებით, ცეცხლსასროლი იარაღით და ყუმბარებითაც კი უმკლავდებიან.

პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის თანახმად, სამხედრო გადატრიალების შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა დახოცეს 700-ზე მეტი ადამიანი.

წაყენებული ბრალდებების გამო, აუნ სან სუ ჩის შესაძლოა მთელი სიცოცხლის განმავლობაში აეკრძალოს თანამდებობის დაკავება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG