Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ორი აქტივისტის სასამართლო პროცესი გაიმართა


ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა ადგილობრივი აქტივისტის გენრი დოლიძის საქმეზე. კიდევ ერთი დაკავებული აქტივისტი გიგა ნაკაშიძე კი 500 ლარით დააჯარიმა.

3 აპრილს მოძრაობა „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისში დაკავებულ აქტივისტებს გამოძიება ედავებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქტივისტების დაკავებას წინ უძღოდა მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის წინააღმდეგ. ბათუმის საქალაქო სასმართლოში საქმესთან დაკავშირებული დამატებითი მტკიცებულებები წარდგენილი ჰქონდა როგორც პოლიციას, ასევე დაცვის მხარეს.

საია-ს იურისტის ილონა დიასამიძის განმარტებით, პოლიციამ ინციდენტის დროს სამხრე კამერებით გადაღებული ვიდეომასალის ფრაგმენტი წარადგინა, დაცვის მხარემ კი - უწყვეტი ვიდეომასალა (ქრონომეტრაჟი 25 წუთი). ილონა დიასამიძის თქმით, მოსამართლემ დაინახა რეალური სურათი, თუ რა მოხდა 3 აპრილს ბათუმში „სირცხვილიას“, ოფისში და ამიტომ საქმის წარმოება შეწყვიტა. თუმცა დაკავებულების ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს და აქტივისტების დაკავებისას არათანაზომიერი ძალა გამოიყენეს.

როგორც საია-ს იურისტი ილონა დიასამიძე ამბობს, გენრი დოლიძეს დაზიანებები სხეულზეც აღინიშნებოდა, ამიტომ ორგანიზაციამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საქმის შესასწავლად მიმართა.

3 აპრილს კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით თბილისში ჩატარებული აქციის პარალელურად, „სირცხვილიას“ ორგანიზებით აქცია ჩატარდა ბათუმშიც, რომლის დასრულების შემდეგ სამი აქტივისტი პოლიციამ „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისთან დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG