Accessibility links

site logo site logo

თალიბანი აცხადებს, რომ მზად არაა თურქეთში სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობისთვის


ავღანეთი, ნანგარჰარის აჩინის რაიონი

თალიბანი აცხადებს, რომ არ არის მზად მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციაში ავღანეთის საკითხზე, რომელიც, წინასწარი გეგმით, 16 აპრილს უნდა დაიწყოს თურქეთში.

ყატარში თალიბანის პოლიტიკური ოფისის პრესმდივანმა, მოჰამად ნაეემმა რადიო თავისუფლებას 12 აპრილს უთხრა, რომ ჯგუფს ჯერაც არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა მონაწილეობას სამიტში უფრო მოგვიანებით. ნაეემს ექსტრემისტული ჯგუფის ამ გადაწყვეტილებაზე განმარტება არ გაუკეთებია.

თალიბანის გადაწყვეტილება დარტყმას აყენებს აშშ-ის ძალისხმევას სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის, რითიც ავღანეთში უნდა დასრულდეს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომი.

სტამბოლის კონფერენციას, რომლის ინიციატორი აშშ იყო, ახალი სულისკვეთება უნდა მიენიჭებინა ავღანეთის შიდა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რომელსაც, მას შემდეგ, რაც სექტემბერში დაიწყო, პროგრესი არ მოჰყოლია. ათდღიან კონფერენციაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ავღანეთის მთავრობას, თალიბანს და რეგიონული მოთამაშეების, მათ შორის პაკისტანის, ირანის, ინდოეთის, ჩინეთის და რუსეთის წარმომადგენლებს.

კონფერენცია უნდა გამართულიყო 1 მაისისთვის დანიშნულ ბოლო ვადამდე, როცა ავღანეთიდან უნდა გავიდეს უცხოეთის ყველა სამხედრო ძალა. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მნიშვნელოვან ორმხრივ სამშვიდობო შეთანხმებაში, რომელიც 2020 წლის თებერვალში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გააფორმა თალიბანთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG