Accessibility links

site logo site logo

სასამართლოში გაგრძელდება ნიკა მელიას საქმის განხილვა


"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია 23 თებერვალს, პარტიის ოფისში დააპატიმრეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე უნდა განახლდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის განხილვა. დღევანდელ სხდომას დაესწრება თავად მელიაც. წინა სხდომებიდან გაძევებული ბრალდებულის პროცესზე დაბრუნების გადაწყვეტილება მოსამართლემ 8 აპრილს მიიღო.

წინასწარი ინფორმაციით, მოსამართლე იმსჯელებს საქმისთვის ახალი მტკიცებულებების დართვის და მელიასთვის შემდგომი აღკვეთის ღონისძიების საკითხებზე. დაცვის მხარის პოზიციაა, რომ ნიკა მელია პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.

მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ელექტრონული მონიტორინგი და გირაო, 30 000 ლარი, რომელიც მან გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა.

გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში არ გადაიხადა, დამატებით ერთ კვირას აძლევს. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ უსამართლო გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა ბრალდების მხარეს სასამართლოსგან მოეთხოვა ნიკა მელიას მიმართ გირაოს პატიმრობით შეცვლა. 16 თებერვალს, პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა.

17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და გადაწყვეტილების აღსრულება შსს-ს დაავალა.

შსს ნიკა მელიას დაპატიმრებას 18 თებერვალს გეგმავდა, თუმცა გადადო მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებს შორის.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე, 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა ოპოზიციური პარტიის ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG