Accessibility links

site logo site logo

დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ტელეფონით ელაპარაკა


დავით ზალკალიანი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ​გამაართული სატელეფონო საუბრის შესახებ ილაპარაკა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა.

„აღნიშნული მაღალი დონის კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან, ადასტურებს საქართველო-ამერიკას შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს, როგორც რეგიონში ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის როლს.

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული სატელეფონო საუბარი გაიმართა ბრიუსელიდან, სადაც სახელმწიფო მდივანი ბლინკენი იმყოფება ვიზიტით და მართავს შეხვედრას NATO-ს ხელმძღვანელობასთან, ასევე ევროპელ პარტნიორებთან. ჩვენი ამერიკელი და NATO-ელი პარტნიორები აფასებენ, იმ მნიშვნელოვან წვლილს, რაც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში", - ამბობს ზალკალიანი.

როგორც მინისტრი ამბობს, მათ განიხილეს საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკვანძო საკითხები. „კიდევ ერთხელ აღინიშნა, ამერიკის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესში.

ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ვაშინგტონის მხარდაჭერა NATO-ში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული პროგრესი ითარგმნება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ალიანსის მხრიდან“, - აცხადებს ზალკალიანი.

ზალკალიანის თქმით, სატელეფონო საუბრისას განიხილეს უკრაინაში შექმნილი ვითარებაც. „ გამოვხატეთ ჩვენი მხრიდან სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მიმართ", - აღნიშნა მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG