Accessibility links

site logo site logo

გიორგი ონიანი: გვინდა სენატორებმა ისეთივე როლი იტვირთონ, რაც ევროკავშირმა იტვირთა


გიორგი ონიანი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ონიანმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ NGO-ების ამერიკელი სენატორებისადმი გაგზავნილი წერილის ძირითადი აქცენტების შეფასებისას განაცხადა, რომ სასურველი იქნებოდა, სენატორებმა საქართველოში არსებული კრიზისის განმუხტვაში იგივე როლი იტვირთონ, რაც ევროკავშირმა:

„რეალურად იქნება ეს სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით თუ რაიმე სხვა გზით, ძალიან აქტიურად ჩაერთონ ამ სფეროში. გვინდა, რომ მათ დაარწმუნონ ხელისუფლება. წერილის მთელი ლაიტმოტივი არის ის, რომ დიდი წილი ამ პასუხისმგებლობისა არის სწორედ ხელისუფლებაზე და რომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც სიტუაციის დეესკალაციამდე მიგვიყვანს. პირველი ამისთვის არის იმ ხალხის ციხიდან გამოშვება, ვის მიმართაც პოლიტიკური მართლმსაჯულების ეჭვები თუ კითხვის ნიშნები არსებობს. და როცა ამის შემდეგ დეესკალაცია მოხდება, დასხდნენ მხარეები მედიაციის მონაწილეობითა და ხელშეწყობით და რეალურად მოხდეს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება, იმ რეფორმის თემებზე შეთანხმება, რომელიც მიგვიყვანს ძირეულ ცვლილებებამდე და არა მხოლოდ ამ ლოკალური ცეცხლის ჩაქრობამდე, რომელიც ეხლა გამოიწვია ბატონი მელიას დაპატიმრებამ“, - განაცხადა გიორგი ონიანმა.

მისი თქმით, სენატორებისადმი მიწერილი წერილის ხელისმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებაა, რომ ოპოზიციამ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა უნდა დათმოს პირველ რიგში მხოლოდ იმის შემდეგ, რაც გიორგი რურუა და ნიკა მელია გათავისუფლდებიან. „შემდეგ გატარდება ისეთი რეფორმები, რომლებიც მომავალშიც ფუნდამენტურად, კანონის დონეზე გამორიცხავს ხელისუფლების ისეთივე მონოპოლიზებას, როგორიც ახლა გვაქვს“, - განაცხადა გიორგი ონიანმა. მისი შეფასებით, ახალ მედიატორს მოლაპარაკებების პროცესში აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ახალი იდეებით წაიყვანოს მოლაპარაკებების პროცესი.

„ის გზა [ევროკავშირის] სადღაცამდე მივიდა და დაეჯახა ისიც კედელს. ეხლა იგივე ადამიანმა რომ თქვას, რომ მე ახლა უკან წავალ და კიდევ რაღაც ახალს შემოგთავაზებთ, შეიძლება მთლად კომფორტული მისთვის არ იყოს. ახალი მედიატორი როდესაც მოდის, მან შეიძლება იქიდან არ გააგრძელოს, აიღოს ახალი ფურცელი და ახალი იდეებით, რომელსაც შეიძლება მეტი პერსპექტივა ჰქონდეს, წაიყვანოს ეს მოლაპარაკებები“, - აღნიშნა გიორგი ონიანმა.

ამერიკელ სენატორებს საქართველოში არსებული კრიზისის თაობაზე წერილით ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა და რამდენიმე მიზნის მიღწევაში დახმარება სთხოვა. ამ მიზნებს შორის არ არის ვადამდელი არჩევნების საკითხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG