Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე გიორგი გახარიას გუნდზე: სირცხვილია, როცა საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ 6 დეპუტატის გასვლა საპარლამენტო უმრავლესობიდან და პარტია "ქართული ოცნების" რიგებიდან არასწორი ნაბიჯია. მისი თქმით, ის არათანმიმდევრულობა, რომელიც გიორგი გახარიამ ბოლო რთული გადაწყვეტილებების მიღებისას და გუნდთან ურთიერთობაში გამოავლინა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„რა თქმა უნდა, დაველოდებით, ვნახავთ, რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება. არსებობს ბევრი კითხვა და ამაზე პასუხი იქნება გასაცემი. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და მაშინ, როდესაც ის გამოწვევებია ქვეყანაში, რაზეც ისაუბრეს თავადაც, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება მიუღებელია. ასეთი ნაბიჯი გაუმართლებელია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ პირადი ინტერესებით იხელმძღვანელა და მაშინ, როცა კონსოლიდაცია და ერთად მუშაობა ყველაზე საჭირო იყო, გუნდი დატოვა და ამაში თავისი მეგობრებიც დაარწმუნა.

სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ იმ პრობლემებზე, რომელთა მოგვარების პასუხისმგებლობა თავადაც გეკისრება, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„მოვისმინეთ ბრიფინგი, მათ ისაუბრეს პრობლემებზე, რომ არის პოლარიზაცია, სიღარიბეზე ისაუბრეს და სხვა ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს. მე კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ამ პრობლემების მოგვარებაზე და მათ შორის იმ მიღწევებზე და გამოწვევებზე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, ჩვენ როგორც მთელი გუნდი ვატარებდით პასუხისმგებლობას. დღეს ეს ადამიანები გავიდნენ ამ პასუხისმგებლობიდან და მიუთითებდნენ, რომ სწორედ ამ საკითხების გამო, იმის გამო, რომ ისინი შეწუხებულები არიან ამ თემებით, ისინი ტოვებენ საპარლამენტო უმრავლესობას. როგორც მინიმუმ, ეს მოითხოვს მათი მხრიდან შემდეგ კითხვებზე პასუხებს. ეს კითხვები ექნება საზოგადოებას, მედიას და პოლიტიკურ დისკუსიაშიც იქნება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე.

პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ და მიხეილ დაუშვილმა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ ისინი გიორგი გახარიას გუნდის წევრები და თანამოაზრეები არიან, საერთო ფასეულობები აქვთ და მასთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით გადადიან ახალი პარტიის მშენებლობაზე.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან გასული წევრები პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებენ.

უმრავლესობიდან 6 დეპუტატის გასვლის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 84 წევრი ჰყავს.

გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს შორის.

22 მარტს, გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება და პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG