Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ რუსეთი ნატოს პროვოცირების მცდელობაში დაადანაშაულა


გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი.

გერმანიამ რუსეთი დაადანაშაულა, რომ ის პროვოკაციას ეწევა ჯარების თავმოყრით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე და უკრაინის საზღვრებთან. ამასთან, ბერლინმა უარყო მოსკოვის მტკიცება, რომ სამხედრო მანევრები ნატოს მხრიდან მომდინარე მუქარაზე პასუხია.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსული მხარე ყოველ ღონეს ხმარობს, რათა რეაქციის პროვოცირება მოახდინოს“, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა 14 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში. „ჩვენ და უკრაინა არ ვიქნებით ამ თამაშში ჩათრეული“, თქვა მან და დასძინა, რომ აშკარაა, რუსეთი „ელოდება, ასე ვთქვათ, ნატოს სვლას, რათა საბაბი ჰქონდეს თავისი მოქმედებების გასაგრძელებლად“.

უკანასკნელ პერიოდში შეინიშნება რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილება უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებისკენ ან საზღვრების მახლობლად და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, რაც აჩენს შიშს, რომ მოსკოვი შესაძლოა აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების გასაგზავნად ემზადებოდეს. სულ უფრო მეტად გაისმის რუსეთისადმი მოწოდება, ახსნას, რას ემსახურება ეს მის სამხედრო მანევრები.

კრემლი წინ აღუდგება დასავლეთის მოწოდებებს ჯარების უკან დაბრუნების თაობაზე და აცხადებს, რომ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ. ამასთან, რუსეთი აღნიშნავს, რომ საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში ჯარების გადაადგილება მისი დამოუკიდებელი საშინაო საქმეა.

კიევი და დასავლეთი რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს სდებენ ბრალს უკანასკნელ პერიოდში ვითარების დაძაბვაში, მოსკოვი კი თითს კიევისკენ იშვერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG