Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო, გია გაჩეჩილაძე და სხვა ახალი აქტორები ნამახვანჰესის პროტესტში


ნამახვანჰესის პროტესტმა გასული 170 დღის განმავლობაში მესამედ გადმოინაცვლა ქუთაისში - დღეს აქციის მონაწილები ღამეს ქალაქის მთავარ მოედანზე გაათევენ.

ქუთაისში გამართული წინა ორი აქციისგან განსხვავებით, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, 14 აპრილს “რიონის ხეობის მცველები” და მათი მხარდამჭერები იძულებულები გახდნენ ხეობიდან ქალაქის მთავარ მოედანზე გადაეტანათ თავიანთი პროტესტი. 14 აპრილს გამთენიისას გუმათში პოლიციამ რკინის კედელი აღმართა, შემდეგ კი განრისხებულ მოსახლეობას უთხრა, რომ თუკი რკინაზე ბრახუნს არ შეწყვეტდა, მათ წინააღმდეგ პროპორციულ ძალას გამოიყენებდა. დღის სამი საათისთვის სამართალდამცველებმა მოძრაობა ქუთაისიდან გუმათის მიმართულებითაც შეზღუდეს და ავტომობილები კოლონას, რომელიც ქუთაისიდან აპირებდა ხეობაში წასვლას, ქალაქში მოუწია დარჩენა.

14 აპრილი ნამახვანჰესის პროტესტისთვის საყურადღებო იყო იმ მხრივაც, რომ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. ხელისუფლება, რომელიც მანამდე ამბობდა, რომ ულტიმატუმების ფონზე აქტივისტებს არ დაელაპარაკებოდა, საპატრიარქოს განცხადებას კატეგორიული ტონით ლაპარაკის დაუშვებლობის შესახებ, მიესალმა. ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროებმა საპასუხო განცხადება გამოაქვეყნეს.

“იმედი გვაქვს, რომ ახლა მაინც, საპატრიარქოს მოწოდების ფონზე, ყველა ამბიციას გვერდზე გადავდებთ, შეწყდება რადიკალური მოწოდებები და დაუბრუნდება პროცესი დიალოგის მაგიდას. ამიტომ, მოვუწოდებთ აქტივისტებს, ნუ იტყვიან უარს დიალოგზე, ნუ იტყვიან უარს, მოისმინონ კითხვებზე პასუხები, თუ მათ რეალურად აინტერესებთ ამ პასუხების მოსმენა,“- თქვა ნათია თურნავამ, ეკონომიკის მინისტრმა, რომლის გადადგომაც რიონის ხეობის მცველების ერთ-ერთი მოთხოვნაა.

“თუ კი ხელისუფლება დღევანდელ სრულიად დაუორგანიზებელ აქციას კიდევ არ გაითვალისწინებს, არ გადმოდგამს ჩვენი მისამართით ადეკვატურ ნაბიჯებს, ჩვენ დავაორგანიზებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ქვეყნის პიკეტირებას. ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, დავკეტავთ ავტობანსაც. ისინი იძულებულნი გახდებიან, მოუწევთ შეასრულონ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები, მაგრამ თუ ამანაც არ იმოქმედა მათზე, აუცილებლად დავიძვრებით დედაქალაქისკენ და აქციებს დავიწყებთ დედაქალაქში” - ეს ვარლამ გოლეთიანის გეგმაა, რომელიც მან ქუთაისში აქციაზე გააცნო შეკრილებილებს.

დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობდა კომპანია ენკას დირექტორი, მერაბ ლომინაძეც. ტვ პირველის ეთერში მან ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვარლამ გოლეთიანს კიდევ ერთხელ შეთავაზა შეხვედრა ინფორმაციის გასაცვლელად.

“შევხვდეთ და ეგებ ისეთი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ თქვენი კითხვები კიდევ უფრო მწვავე გახდეს, კიდევ უფრო გაბევრდეს, კიდევ ახალი მოთხოვნაც შეიძლება დაემატოს - ამას რა უდგას წინ, ორი ადამიანის შეხვედრას? აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ შენს გულწრფელობაში, შენ მოტივაციაში, იქნებ ისეთი ინფორმაცია მოგაწოდო, რაც შეიძლება წაგადგეს შენი ბრძოლის აქტივაციაში, რომელიც შეიძლება შენთვის საინტერესო იყოს. მე შენ არ გიწვევ დებატებში, მე შენ გიწვევ შეხვედრაზე. მე მინდა ჩვენ გავცვალოთ ინფორმაცია. ეს ყველაფერი გნებავთ იყოს ღია, გნებავთ იყოს დახურული” - უთხრა მერაბ ლომინაძემ ვარლამ გოლეთიანს. ვარლამ გოლეთიანი და მისი თანამებრძოლები კითხვების ადრესატად არა კერძო კომპანიას, არამედ სახელმწიფოს მიიჩნევენ, რომელმაც ენკასთან მათთვის საეჭვო ხელშეკრულება გააფორმა და შეხვედრასაც პრემიერ-მინისტრთან ითხოვენ.

რადიო თავისუფლებამ კითხა მერაბ ლომინაძეს, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა თავაზობს შეხვედრას პროტესტის მონაწილეებს, რა არის ის ინფორმაცია, რომლის მიწოდებასაც აპირებს აქტივისტებისთვის და რომელმაც “შეიძლება მათი კითხვები უფრო მწვავე გახადოს.”

“მე მინდა უბრალოდ საგნობრივად დავიწყოთ საუბარი იმ საკითხებზე, რაც მისთვის აქტუალურია, იქნება ეს მიწა, ხელშეკრულება თუ პროექტის მდგრადობა და ასე შემდეგ. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას ცალმხრივად აქვს მოსმენილი ეს ყველაფერი და მინდა გავუზიარო ყველა ის კვლევა, დასკვნა, რაც გვაქვს და შეიძლება ამ ყველაფერმა უფრო გაამყაროს მისი პოზიცია ან მოუხსნას კითხვის ნიშნები. მოსმენას, შეხვედრას წინ არაფერი უნდა ედგეს, თუ გვინდა მშვიდობიანი პროტესტი და კონსტრუქციული თანამშრომლობა” - გვითხრა მერაბ ლომინაძემ. ის ნამახვანჰესის კასკადის პროექტის დირექტორად 30 მარტს დაინიშნა საქართველოს მთავრობის მოთხოვნით 12 მარტს ეკონომიკის სამინისტროს და კომპანია "Enka Renewables"-ს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, რომლის თანახმადაც პროექტს ქართველი დირექტორი უნდა ჰყოლოდა. ლომინაძე მანამდე კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური დირექტორი იყო და როცა მას ნამახვანიჰესის პროექტის მართვა დაევალა, ხელისუფლებასა და აქტივისტებს შორის კომუნიკაცია უკვე ჩიხში იყო შესული. დღეს პროტესტში ჩართული ადამიანები რიონის ხეობიდან ამბობენ, რომ მათთვის ჰესის საკითხი დროებით იმდენად მტკივნეული აღარ არის იმის გათვალისწინებით, რომ უკვე 10 დღეზე მეტია შეზღუდული აქვთ გადაადგილება და პროტესტს პოლიციის მხრიდან მუქარის ფონზე აგრძელებენ. Მუქარის შინაარსი ასეთია: “გამოყენებული იქნება პროპორციული ძალა.”

კომპანია ენკას დირექტორი რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ მისთვის მიუღებელია საპროტესტო კარვების ფონზე დოკუმენტაციის განხილვა. კითხვაზე, რამდენად მისაღებია სპეცრაზმის და რკინის ჯებირის ფონზე ხელშეკრულების პირობებსა და ენერგოპოლიტიკაზე საუბარი, დღეს ის ამბობს, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა მშვიდობიან, ცივილურ ფორმატში უნდა მოხდეს და არც სპეცრაზმის ფონზე დიალოგია მართებული, თუმცა პოლიციის დგომა ხეობაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებელ აუცილებელ ზომად მიაჩნია . Ლომინაძისთვის “რიონის ხეობის მცველების” პროტესტი მშვიდობიანი არ არის ის ამბობს, რომ სახალხო დამცველის გადასცა ფაქტები, რომლითაც მტკიცდება აქტივისტების აგრესიული ქმედებები კომპანიის თანამშრომლების მიმართ.

რკინის კედელი გუმათში
რკინის კედელი გუმათში

გია გაჩეჩილაძე იდეით “გამოვისყიდოთ სამშობლო”

“გვაქვს ინიციატივა, გავაკეთოთ ფონდი ნამახვანჰესის მშენებლობის ხელშეკრულების გამოსასყიდად” - დაწერა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე “უცნობმა” თავისი ტელეპროექტის გვერდზე, შემდეგ კი ახსნა, რომ ეს ინიციატივა გულისხმობს ბიუჯეტიდან ფულის გადახდას, რაც პროექტზე უარის თქმის შემთხვევაში მოუწევს სახელმწიფოს.

“ბიუჯეტი ისედაც ხალხის ფულია და ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს ამ ფულის გადახდა. რა თქმა უნდა, უნდა შეიქმნას რაღაც ფონდი, ბიზნესმენებს თუ ვინმეს მოუნდება, დაეხმაროს ბიუჯეტს [გადარიცხონ ფული] და ნამახვანის გამოსყიდვას. თქვენივე არჩეულმა ადამიანებმა უნდა განკარგონ ეს ფონდი და ეს უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე. ეს არის ჩემი აზრი და თუ გაითვალისწინებთ, ძალიან გამეხარდება” - ასე ახსნა მოკლე ვიდეოში გია გაჩეჩილაძემ თავისი იდეა.

არც ნამახვანის პროექტის მონაწილეები და არც კომპანია ენკას წარმომადგენელი უცნობის იდეაზე კომენტარს არ აკეთებენ, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ არაფერი იციან მის შესახებ. გუმათსა და ქუთაისში რადიო თავისუფლებას პროტესტის ყველა ორგანიზატორმა, ვისაც კითხვა დავუსვით ამ ფონდის შესახებ, გვითხრა, რომ ეს იდეა მათთან არ ყოფილა შეთანხმებული და არაფერი იციან ამის შესახებ. Ენკას ქართველი დირექტორი კი ამბობს, რომ ნამახვანჰესი ისედაც ქართული პროექტია, საქართველოში რჩება და მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიაც, პირველ რიგში, საქართველოში დაიხარჯება.

“მე ვთვლი, რომ ეს ქართული პროექტია, ხორციელდება საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად” - ამბობს მერაბ ლომინაძე და არ პასუხობს კითხვას, შესაძლოა თუ არა გია გაჩეჩილაძის იდეის უკან იდგეს ხელისუფლება, ხელისუფლებასთან დაახლოებული ინტერესთა ჯგუფი, რომელსაც ან აღარ სურს ენკას მიერ ნამახვანჰესის აშენება, ან ამ პროექტზე უარის თქმით მოსახლეობის გულის მოგებას ცდილობს.





დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG