Accessibility links

site logo site logo

ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის ჯარები ავღანეთს 11 სექტემბრამდე დატოვებენ


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანას აპირებს. ბაიდენმა თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც მედიით გადაიცემოდა, თქვა, რომ ავღანეთში განლაგებული 2500 ამერიკელი ჯარისკაცის იქიდან გამოყვანა დაიწყება 1 მაისს და დასრულებული იქნება 11 სექტემბრისთვის.

მისი თქმით, აშშ-ის მოკავშირეები, რომლებსაც ასევე ჰყავთ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტი, ჯარების გაყვანას უფრო ადრე დაასრულებენ.

„მე ამერიკის მეოთხე პრეზიდენტი ვარ, ვინც მეთაურობს ავღანეთში ამერიკის ჯარების ყოფნას. ორი რესპუბლიკელი. ორი დემოკრატი,“ თქვა ბაიდენმა და დასძინა: „ამ პასუხისმგებლობას არ გადავცემ მეხუთეს“.

„დროა, დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი. დროა, ამერიკის ჯარები შინ დაბრუნდნენ,“ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა თქვა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს ავღანეთისთვის დახმარების აღმოჩენას სხვა სფეროებში. მან სხვა ქვეყნებსაც - პაკისტანს, რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთსა და თურქეთს - მოუწოდა, ასევე ამოუდგნენ მხარში ავღანეთს.

დღესვე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში, ნატოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უცხოური ჯარები ავღანეთს ნატოს ხელმძღვანელობით დატოვებენ იქიდან აშშ-ის ჯარების გაყვანასთან კოორდინაციაში. გერმანიამ განაცხადა, რომ ის ჯარების გაყვანის ამერიკულ კალენდარს მიჰყვება.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ტვიტერში დაწერა, რომ ის ესაუბრა პრეზიდენტ ბაიდენს და პატივს სცემს აშშ-ის გადაწყვეტილებას. „ჩვენ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ვითანამშრომლებთ, რათა გარდამავალი პერიოდი უპრობლემო იყოს“ და „ჩვენს ამერიკელ და ნატოელ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევას,“ განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG