Accessibility links

site logo site logo

თურქული წყაროების ცნობით, აშშ შავ ზღვაში გემებს აღარ გაგზავნის


აშშ-მა გააუქმა შავ ზღვაში ორი სამხედრო გემის გაგზავნის გადაწყვეტილება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება თურქეთის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტოს წყაროთა მტკიცებით, ანკარაში აშშ-ის საელჩომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიზეზის დაუსახელებლად აცნობა, რომ გემების გაგზავნის გადაწყვეტილება გაუქმებულია.

Reuters-ის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროები აცხადებენ, რომ როგორც ჩანს, თურქეთის მიერ არასწორად იყო ინტერპრეტირებული თავდაპირველი შეტყობინება, რადგან შავ ზღვაში გემების გაგზავნის გადაწყვეტილება ვაშინგტონის მიერ საბოლოოდ დადასტურებული არ ყოფილა. წყაროების განმარტებით, აშშ თურქეთს ხშირად ატყობინებს შავ ზღვაში გემების პოტენციურ შესვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გემებს აუცილებლად გაგზავნიან და უფრო იმის გარანტიაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ხომალდები უპრობლემოდ შეძლებენ აკვატორიაში შესვლას.

რამდენიმე დღის წინ, ამერიკული და თურქული წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის ფონზე, აშშ შავ ზღვაში გაგზავნის სამხედრო გემებს და ეს იქნება უკრაინისადმი მხარდაჭერის დემონსტრირება. რუსეთმა ამ გადაწყვეტილებას პროვოკაცია უწოდა და შავ ზღვაში სამხედრო წვრთნები დაიწყო.

13 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი უპირობო მხარდაჭერა დაადასტურა და რუსეთს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა.

რუსეთმა უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ძალების თავმოყრა აპრილის პირველ დღეებში დაიწყო და მანევრებს უწოდებს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის საკონტროლო შემოწმებას. თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა, რომ სწავლება, რომელიც ორ კვირაში უნდა დასრულდეს, არის პასუხი ნატოსგან მომდინარე საფრთხეებზე.

უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატოს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG