Accessibility links

site logo site logo

„ქართული ოცნება“ ხელს აწერს ევროკავშირის მედიაციით  შექმნილ დოკუმენტს


არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე

დღეს „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ამის შესახებ მედიას საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, დოკუმენტის ხელმოწერაზე მზადყოფნა „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგის დასკვნით ეტაპზევე გამოხატა, თუმცა აქამდე ხელი არ მოაწერა, რადგან ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და ელჩების დამატებით კონსულტაციებს ელოდებოდა:

„გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების შესახებ მივიღეთ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის, რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან „ქართული ოცნების“ მიზეზით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის გარდა, "ქართული ოცნება" მზადაა თვითმმართველობის არჩევნებზე მხარდაჭერის 40 პროცენტიანი პრინციპი აამოქმედოს. მისი განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია ამომრჩეველთა ხმების 40 პროცენტს ვერ მიიღებს, დათანხმდება განიხილოს ოპოზიციის მოთხოვნები არჩევნებთან დაკავშირებით. არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროკავშირმა წარდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ შეიტანა:

"ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება გახლავთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ არ იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. იგი ამბობს, რომ ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერა არის "ქართული ოცნების" მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირება ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ.

"ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე, მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, დაამტკიცონ რომ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს აყენებენ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

31 მარტს თბილისში ისევ უშედეგოდ დასრულდა ევროკავშირის მედიაციით, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკება, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

12-18 მარტის პირველი უშედეგო ეტაპის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში 27 მარტს დაბრუნდა, მხარეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა და 30 მარტს ხელმოსაწერად შესთავაზა კონკრეტული დოკუმენტი.

დანიელსონის მიერ მმართველი პარტიისა და ოპოზიციისთვის 31 მარტს ხელმოსაწერად შეთავაზებული დოკუმენტი შეიცავდა 5 საკითხს:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
  • მომავალი არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG