Accessibility links

site logo site logo

"სტრატეგია აღმაშენებელი" "დანიელსონის დოკუმენტის" ხელმოწერის საკითხის ოპოზიციაში განხილვას აპირებს


"სტრატეგია აღმაშენებელი" ამ ეტაპზე ხელს არ აწერს "დანიელსონის დოკუმენტს" და საკითხის პარტიის შიგნითა და ოპოზიციურ ერთობაში განხილვას აპირებს. პარტია აუცილებელ პირობებს შორის პოლიტპატიმრების საკითხსა და ვადამდელ არჩევნებს აყენებს. "დანიელსონის დოკუმენტზე" ხელმოწერის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მზაობა გამოთქვა "ქართულმა ოცნებამ".

"ზეპირსიტყვიერი განცხადებების ნიადაგზე სტრატეგია აღმაშენებელი ამ ეტაპზე არაფერს მოაწერს ხელს. მოხდება ამ საკითხის განხილვა როგორც პარტიის შიგნით, ისე დიდ ოპოზიციურ ფორმატში და მოლაპარაკებების საფუძველზე გავაკეთებთ განცხადებას. ჩვენთვის მთავარია, რომ დოკუმენტში მკაფიოდ იყოს ჩაწერილი პოლიტპატიმრების საკითხი და შემდეგ უკვე ვადამდელი არჩევნები", - განუცხადეს რადიო თავისუფლებას პარტიაში.

როგორც რადიო თავისუფლებასთან პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, დოკუმენტის არსებულ რედაქციას ხელს არ აწერენ: "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "გირჩი - მეტი თავისუფლება". რადიო თავისუფლება ცდილობს სხვა პარტიების პოზიციების მოძიებასაც.

დღეს "ქართული ოცნება" საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ამის შესახებ მედიას საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, დოკუმენტის ხელმოწერაზე მზადყოფნა „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგის დასკვნით ეტაპზევე გამოხატა, თუმცა აქამდე ხელი არ მოაწერა, რადგან ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და ელჩების დამატებით კონსულტაციებს ელოდებოდნენ:

„გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების შესახებ მივიღეთ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის, რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან „ქართული ოცნების“ მიზეზით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დანიელსონის მიერ მმართველი პარტიისა და ოპოზიციისთვის 31 მარტს ხელმოსაწერად შეთავაზებული დოკუმენტი შეიცავდა 5 საკითხს:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
  • მომავალი არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG